Camaro, Chevy, Camaro SS
Aa
Aa

ეს 2010 წლის Chevrolet Camaro გაკლასიკურებულია

CrystalAuto-ს პორტალზე გათანამედროვებული ავტოკლასიკების შესახებ ხშირად ვწერთ. ახლა კი ცოტა განსხვავებული ამბავი უნდა მოგიყვეთ. სურათებზე თქვენ თანამედროვე ავტომობილის „გაკლასიკურებას“ ხედავთ. ასეთი სიტყვა ქართულ ენაში არ არსებობს, თუმცა, შემთხვევამ მისი შექმნა მოითხოვა.

ტერმინოლოგიურ წიაღსვლებმა შორს რომ არ წაგვიყვანოს გეტყვით, რომ ეს ავტომობილი 2010 წლის Camaro SS-ია. მოდელი eBay-ს აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. მის სანაცვლოდ კი 40 000$-ს ითხოვენ.




ის ვინც, ამ ავტომობილის გადაკეთებაზე მუშაობდა, კორპუსისთვის Summit White-ის ფერი შეარჩია. ეს საღებავი სტაფილოსფერი აქცენტებითაც დაამშვენეს - საბარგულზე, სახურავზე და კაპოტზე ტრადიციული ზოლებია დატანილი. ავტომობილი Asanti-ს 22-იან ნაწრთობ დისკებზე დგას, რომლებზეც წინ 265/30, ხოლო უკან 285/25 ზომის საბურავებია გადაკრული. რაც ყველაზე მთავარი და გამოსარჩევია მანქანა Retrokit RS-ის კორპუსის ნაწილებითაა წარმოდგენილი, რომელიც Lingenfelter-მა დაამზადა.

როგორც ხედავთ, მანქანის ცხვირი მთლიანად შეცვლილია. სტანდარტული ბამპერი, მაშუქები და კაპოტი ორიგინალი Camaro-ს ნაწილებითაა ჩანაცვლებული. „ტუნინგ“ ატელიე ზუსტად ამ დეტალით შეეცადა მოდელის „გაკლასიკურებას“. ცვლილებებია კორპუსის გაყოლებაზე. შუასარტყელი ახლა უფრო გამოკვეთილია, ხოლო უკან აგრესიული დიფუზორი და აეროდინამიკური ფრთა გვაქვს. რეტრო სტილისთვის უკანა ბამპერზე ქრომის აქცენტებიცაა.




ასეთივე ნატიფი მოდიფიკაცია გვხვდება სალონში. წინა და უკანა სავარძლები, კოკპიტის ნაწილთან ერთად, ღია წითელ ტყავშია შეკერილი. დანარჩენი ნაწილები შავ ფერშია დატოვებული, რაც სალონს სადა და ორიგინალურ ვიზუალს ანიჭებს.

ძალოვან გაუმჯობესებასთან დაკავშირებით eBay-ს განცხადებაში არაფერია ნახსენები. თუმცა, ეს ავტომობილი სტანდარტულად 6.2-ლიტრიანი V8-თია აღჭურვილი. ძრავის განყოფილების სურათში კი დამატებით Kenne Bell-ის Mammoth კომპრესორი ჩანს. აშკარაა, რომ ეს მანქანა იმედგაცრუებულს არავის დატოვებს.

როგორ მოგწონთ მისი დიზაინი? შეიძენდით ამ ავტომობილის 40 000$-ად? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები