Aa Aa

ყველა დროის 10 საუკეთესო ავტოდიზაინერი

საავტომობილო დიზაინის სამყარო დატვირთული და დამაბნეველი სფეროა, რომელიც უამრავ საპარტნიორო საქმიანობას, ინოვაციურ პროექტებსა და ნატიფ ცვლილებებს მოიცავს. ეს ის სივრცეა, სადაც პროდუქტის რაობას მომხმარებელთა ირიბი დაკვეთები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. მას შემდეგ, რაც პირველი ოთხბორბლიანი ავტომობილი შეიქმნა ინდუსტრია მკაცრი განხილვისა და კრიტიკის საგანი ხშირად ყოფილა.

რა თქმა უნდა, მუდმივ მოძრაობაში მყოფი სფეროსთვის წარმატების მიღწევა შეცდომებისა და მარცხის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, საავტომობილო ისტორია მდიდარია ისეთი დიზაინებით, ინოვაციებითა და ხედვებით, რომელთა ერთ დროს დამკვიდრებაც თანამედროვე ავტოსამყაროს აღიარებულად რცხვენია. თუმცა, ამ კრეატიულ სივრცეში მრავლად ყოფილან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც ავტოინდუსტრიას, თავიანთი ნიჭითა და უნიკალური შემოქმედებით, პოპულარობა მოუტანეს.

მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მოდელის კორპუსის ფორმებს, ან ინტერიერის მოყვანილობას უყურებთ, თქვენ ხედავთ იდეასა და ორიენტაციას, რომელიც დიზაინერთა ჯგუფის მიერ იქნა კონცეპტუალიზებული. ეს ადამიანები საერთო მიზნისთვის მუშაობენ. მთავარი დიზაინერი კი მსოფლიოს იმ ინოვაციურ და ულამაზეს პლატფორმებს ქმნის, რომლებიც საბოლოოდ მწარმოებლებს ახალი სიმაღლეების დაპყრობაში ეხმარება. ასეთი შემთხვევები კი ხშირი არ გახლავთ. მაშასადამე, დღეს სწორედ ასეთ გამონაკლისებზე და ავტოინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან დიზაინერებზე ვისაუბრებთ.

ქრის ბენგლი

ქრის ბენგლი შემოქმედებითი დიზაინერია, რომელსაც მომავლის საავტომობილო დიზაინის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. კალიფორნიაში, პასადენაში არსებული ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სადაც მან ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მოიპოვა, ის გერმანიაში გაემგზავრა. მალე ის Opel-ში დასაქმდა და 1981-85 წლებში გამოშვებული მოდელების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. 1990 წელს ბენგლი Fiat-ის ლეგენდარული Coupe-ს (კუპეს) დიზაინერული ჯგუფის უფროსად მოგვევლინა. Coupe (კუპე) Fiat-ში დიზაინერის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. ავტომობილის უნიკალური ფორმები რეტრო სტილსა და მოდერნულ ხედვებს შორის დგას.

1993 წელს, Fiat Coupe-ს გამოსვლისას, ქრის ბენგლი Fiat-ში აღარ მუშაობდა. 1992 წელს ის BMW-ში მთავარ დიზაინერად დაინიშნა. ასეთმა გადაწყვეტილებამ უამრავი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც BMW-მ საპროექტო განყოფილება ამერიკელს ჩააბარა.

მიუხედავად იმისა, რომ Z3 ჯოჯი ნაგაშიმას ნამუშევარს განეკუთვნება, ეს პირველი BMW-ა, რომელიც მწარმოებელმა ბენგლის ლიდერობით გამოუშვა. ეს ორი პიროვნება Opel-ში თანამშრომლობდნენ და ერთმანეთთან მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ. Z3 კი დღეს თანამედროვე ავტოკლასიკად ითვლება.

BMW-მ ქრის ბენგლის საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის სუფთა ფურცელი Z9 Gran Turismo-ს კონცეპტისთვის მისცა. 1999 წელს ფრანკფურტის ავტოჩვენებაზე წარმოდგენილი მოდელი კარბონისგან იყო დამზადებული. ამ მანქანის დიზაინმა კი თანამედროვე ხედვების ინტეგრირებისა და კომპანიის სამომავლო დიზაინერული ენის მომზადებაში დიდი როლი შეასრულა. Z9-ს ფორმები კი 2003 წელს ახალმა მეექვსე სერიამ მიიღო.

ქრის ბენგლიმ ავტოინდუსტრიაში სახელი სწორედ ბავარიულ კომპანიაში მოღვაწეობით გაითქვა. მის სახელს სხვა ისეთი მოდელების დიზაინებიც უკავშირდება, როგორიც 1999 წლის X5, 2000 წლის Mini, 2001 წლის მეშვიდე სერიის BMW, 2001 წლის BMW X Coupe Concept-ი, 2002 წლის BMW Z4, 2003 წლის მეხუთე სერიის BMW, 2003 წლის BMW X3, 2003 წლის Rolls-Royce Phantom-ი, 2004 წლის პირველი სერიის BMW, 2004 წლის მესამე სერიის BMW, 2008 წლის X6 და 2008 წლის Gina Concept-ია.

იან ქალამი



იან ქალამის კარიერის ფესვები შოტლანდიიდან მოდის, სადაც მან მორისონის აკადემია დაამთავრა და გატაცება მანქანის კორპუსის ხელით შექმნაში პოვა. 14 წლის ასაკში მან Jaguar-ის თავისებური ხედვის დემონსტრირება დაიწყო. ის იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც ევროპული მწარმოებელი მას დაიქირავებდა. მიუხედავად იმისა, რომ იანმა მიზნის მიღწევა ვერ შეძლო, 10 წელი მცდელობაში გაატარა, რა დროსაც გლაზგოს ხელოვნების სკოლაში ინდუსტრიალური დიზაინი შეისწავლა, ხოლო მოგვიანებით, ლონდონის ხელოვნების სამეფო სკოლაში, მაგისტრის ხარისხი საავტომობილო დიზაინში მოიპოვა.



იანის კარიერა 1979 წელს, Ford-ში დაიწყო. აქ მან ისეთი მოდელების შექმნას ჩაუყარა საფუძველი, როგორიც ლეგენდარული RS200 და Escort RS Cosworth-ი გახლდათ. 11 წლის შემდეგ ქალამმა ბედი TWR-ში სცადა. ის პიტერ სტივენნსა და ტომ ვოქინშაუს TWR-ის დიზაინის შექმნაში დაეხმარა. ამ პერიოდში დიზაინერმა Aston Martin DB7 და Vanquish-ი შექმნა - ორი მისი საკულტო ნამუშევარი, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა და გავლენა მოუხვეჭა. 1999 წელს კი იანი Jaguar-ში გადავიდა და ისეთი ავტომობილების დიზაინი შექმნა, როგორიც Jaguar XK და უახლესი Jaguar F-Type-ა.

ბატისტა ფარინა



ბატისტა ფარინა, უდავოდ, ერთ-ერთო ყველაზე ნიჭიერი და დიდებული ავტო-დიზაინერია. 1930 წელს ლეგენდარული კომპანიის Carrozzeria Pininfarina-ს დაარსების შემდეგ, მან და მისმა კოლეგებმა სრულიად ახალი, ომის შემდგომი ხედვების დამკვიდრება შეძლეს. ამით ისინი ყველა და ყველაფრისგან გამორჩეულები გახდნენ.

1952 წელს Ferrari-მ ბატისტა ფარინა იმ პერიოდისთვის არსებული საკულტო მოდელების დიზაინის დასახაზად დაიქირავა. ბატისტას სახელს ისეთი მოდელების შექმნა უკავშირდება, როგორიც 212, Dino Berlinetta Speciale და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იტალიური ავტომობილი - Testarossa-ა.



1966 წელს, დიზაინერმა ჟენევის ავტოჩვენებაზე Alfa Romeo-ს უახლესი ნაწარმი Duetto წარადგინა. ამ დღიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ლეგენდარული დიზაინერი გარდაიცვალა. მისი ნაადრევი გარდაცვალების მიუხედავად, Pininfarina დღეს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დიზაინერულ კომპანიად ითვლება. ასეთი წარმატების მიზეზი კი ფარინას გამორჩეული ხედვა, პრინციპები და სტილი გახლდათ.

ჰენრიკ ფისკერი



ჰენრიკ ფისკერს იცნობენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იდეების მქონე დიზაინერს, რომელსაც ავტოინდუსტრიაში ოდესმე უმოღვაწია. მას ისეთი მწარმოებლებისთვის აქვს პლატფორმები დახაზული, როგორიც Aston Martin-ი, VLF-ი, BMW და Fisker Automotive-ია. ეს უკანასკნელი კომპანია კი მანვე დააფუძნა.

დანიაში დაბადებულმა დიზაინერმა პირველი პრემიუმ კლასის ელექტრო „ფლაგ-ინ“ ჰიბრიდი შექმნა. Fisker Karma ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და ის ყველა სხვა ავტომობილისგან არამხოლოდ ძალოვანი აგრეგატით, არამედ ვიზუალითაც გამოირჩეოდა.


1989-2001 წლებში ფისკერი ექსკლუზიურად BMW-სთვის მუშაობდა. ამ წლებში კი ბავარიული ავტომწარმოებლის არსებობის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ავტომობილი - Z8 შეიქმნა. ეს ყველაფერი არ არის. ავტომოყვარულების გულებში Aston Martin V8 Vantage-სა და DB9-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რაც ჰენრიკის დამსახურებაა.

მარჩელო განდინი



მარჩელო განდინი ჩვენს ჩამონათვალში კიდევ ერთი იტალიელი დიზაინერია, რომელიც საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კომპანიაში - Gruppo Bertone-ში - მუშაობით იყო სახელგანთქმული.

Lamborghini Miura-ს პირვანდელი ვერსიისა და ლეგენდარული იტალიური სუპერქარის, Countach-ის შექმნას სწორედ ამ ადამიანს უნდა ვუმადლოდეთ. ფაქტობრივად, ამ პიროვნებამ იმ პერიოდისთვის ავტომობილების დიზაინში გარდამტეხი ცვლილებები შემოიტანა.

კარიერის განმავლობაში განდინის უამრავ ავტომწარმოებელთან უმუშავია, რომელთა შორის Alfa Romeo, Ferrari, Lancia, Maserati, Jaguar-ი Renault-ი, Audi და BMW იყო. აღსანიშნავია, რომ მარჩელო განდინის ხელმომწერი სტილი დროს უსწრებს და ყველა სხვა დიზაინერული ხედვისგან განსხვავებულია.

ჯორჯიტო ჯუჯარო



იტალიური დიზაინის ამოწურვა ყველაზე რთული საქმეა. უამრავი ავტომოყვარული საავტომობილო დიზაინის ცნებას სწორედ ჯორჯიტო ჯუჯაროს სახელთან აიგივებს. მას, როგორც კლასიკური და თანამედროვე „სუპერქარების“, ისე ყოველდღიურად გადასაადგილებელი პრაქტიკული მანქანების დიზაინის შექმნაც საოცრად გამოსდის.

კარიერის განმავლობაში მან უდიდესი ქება დაიმსახურა და არაერთი ჯილდო მოიპოვა. 1999 წელს კი მას საუკუნის დიზაინერიც კი უწოდეს. 2002 წელს ჯუჯარო Automotive Hall of Fame-ის წევრიც გახდა.

მის პორტფოლიოში არსებული დიზაინები ისეთ მწარმოებლებს მოიცავს, როგორიც Alfa Romeo, Aston Martin-ი, Fiat-ი, Bugatti, Ferrari, Maserati, Lancia და Lamborghini-ა. მისი კარიერის ადრეული წლები Bertone-ს ქოლგის ქვეშაა გატარებული. ეს უკანასკნელი იტალიური კომპანია Fiat-ისთვის და Lancia-სთვის მუშაობდა. მოგვიანებით ჯუჯაროს სახელი Ghia-ს (გიას) და Italdesign-საც დაუკავშირდა. ამ ორ შთამბეჭდავ კომპანიას უამრავი განსაცვიფრებელი პროექტი და კონცეპტი ეკუთვნის, რაც ავტოსამყაროს მემკვიდრეობას წარმოადგენს.

შირო ნაკამურა



შირო ნაკამურა იაპონური ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინდივიდია. მან ასეთი გავლენიანი სახელი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის, Nissan-ის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მოიპოვა. მის კარიერას საკმაოდ მოკრძალებული დასაწყისი ჰქონდა. ტოკიოში, მუშაშინოს ხელოვნების უნივერსიტეტში, ინდუსტრიული დიზაინის ხარისხის მოპოვების შემდგომ შირო კალიფორნიაში გაემგზავრა და ბაკალავრის დიპლომი ტრანსპორტის დიზაინში მოიპოვა.

ნაკამურა პირველად Isuzu-ში დასაქმდა. კომპანიაში მუშაობისას დიზაინერულად ყველაზე გამორჩეული მოდელი VehiCross-ი გახლდათ. მალე მისი ნამუშევრებით Nissan-ი დაინტერესდა, და დიზაინის ჯგუფის ხელმძღვანელობა შესთავაზეს. ნაკამურა ახალ წინადადებას დათანხმდა. დიზაინერმა ლიდერობა იდეალურად მოირგო და საქმეს იაპონური პასუხისმგებლობით მოეკიდა. შედეგად, ჩვენ ავტოინდუსტრიაში ტრადიციული და დახვეწილი იაპონური მანქანები ვიხილეთ.

შირო ნაკამურას ისეთი ავტომობილების დიზაინი აქვს შექმნილი, როგორიც Nissan Fairlady Z, Murano, Altima და ბრენდის საკულტო მოდელი GT-R-ია. ასევე, მისი დახაზულია Infiniti-ს თანამედროვე მოდელების უმეტესობაც, მათ შორის გამორჩეული კონცეპტუალური ავტომობილი Essence-ი.

2010 წელს შირო ნაკამურამ EyesOn Design Lifetime Achievement-ის ჯილდო მოიპოვა. ამავე წელს ნაკამურა მსოფლიოში, ლეიდი გაგას, ედი ქიუს და ელიზაბეტ ვორენის შემდეგ მეოთხე ყველაზე კრეატიული ადამიანი გახდა. ის ერთადერთი საავტომობილო დიზაინერია ჩამონათვალში.

ფილიპო პერინი



ფილიპო პერინი იტალიელი ავტო-დიზაინერია, რომლის ყველაზე გამორჩეული ნამუშევრებიც გერმანული მწარმოებლის, Volkswagen Group-ის ლოგოს ქვეშაა შექმნილი. გარდა ამისა, მას Italdesign-ის საქმიანობის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.


ფილიპოს კარიერა 1994 წელს, მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლით იწყება, სადაც ის არქიტექტურას დაეუფლა. პერინის სწავლის შემდგომი საფეხური არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც Alfa Romeo-ს დიზაინის ხელმძღვანელად დაინიშნა. გაინტერესებდათ ვინ შექმნა GTV-ის, Spider-ისა და 8C Competizione-ს დიზაინები? ეს ყველაფერი ფილიპომ Audi-სა და Lamborghini-ს დიზაინების შემუშავებამდე შეასრულა. ამ ადამიანის შესახებ ყველაზე კარგად მისი ნამუშევრები ლაპარაკობს, რომელთა ჩამონათვალიც ასე გამოიყურება: Lamborghini Murcielago Lamborghini Miura Concept-ი, Lamborghini Estoque, Lamborghini Reventon-ი, Lamborghini Gallardo, Lamborghini Aventador, Lamborghini Urus, Lamborghini Veneno, Italdesign Zerouno, Italdesign DaVinci.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს ფილიპო პერინი Genesis-ის დიზაინერული მიმართულების ხელმძღვანელად მოგვევლინა. 2020 წელს ავტოსამყარომ Genesis MINT Concept-ი იხილა, რაც ბრენდის სამომავლო დიზაინერულ ხედვებსა და გეგმებს უყრიდა თავს.

მალკოლმ სეიერი



მალკოლმ სეიერმა ომის დროინდელი საჰაერო ინჟინერიის საავტომობილო ინდუსტრიაში შემოტანა სცადა და ამით ახალი იდეოლოგიაც დაამკვიდრა. მეორე მსოფლიო ომის დროს Bristol Aeroplane Company-ში მონაწილეობის მიღების შემდგომ მან სწავლა ირანში, ბაღდადის უნივერსიტეტში დაიწყო. ქვეყანაში ის ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად სამთავრობო ავტოპარკის შეკეთებისა და მოვლის სამუშაოებში იყო ჩართული.

1950 წელს სეიერი ბრიტანეთში დაბრუნდა. ის აეროდინამიკური მათემატიკის პრინციპებში კარგად იყო გარკვეული. ამავდროულად, გათვითცნობიერებული იყო კონსტრუქციულ პროექტირებაშიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მალკოლმ სეიერით Jaguar-ის აღმასრულებელი ინჟინერი, ვილიამ ჰეინსი დაინტერესდა და მალევე საინჟინრო განყოფილების მხაზველ ოფიცრად დანიშნა.


მალკოლმ სეიერის სახელს Jaguar-ის თითქმის ყველა საკულტო მოდელის დიზაინი უკავშირდება, C და D-Type, XJ13 და XJS-ი. მისი ყველაზე გამორჩეული მოდელი კი ლეგენდარული E-Type-ი გახლავთ, რომელიც ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად ითვლება.

ვოლტერ დე სილვა



ვოლტერ დე სილვა იტალიაში, 1951 წელს დაიბადა. მას ავტოინდუსტრიაში იცნობენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მრავალეროვნულ საავტომობილო დიზაინერს.

კარიერის განმავლობაში ის ისეთ მწარმოებლებთან მუშაობდა, როგორიც Fiat-ი, Alfa Romeo, SEAT-ი და Audi-ა. სილვამ იმდენი სხვადასხვა ავტომობილის დიზაინი შექმნა, რომ საბოლოოდ მისი წარმატება Volkswagen Group-ის ხელმძღვანელობით დაგვირგვინდა, სადაც ის 2007-2015 წლებში მოღვაწეობდა.

Volkswagen-მდე დე სილვა Alfa Romeo 156-სა და Audi R8-ს დიზაინერად მოგვევლინა. ასევე, წვლილი მიუძღვის Miura Concept-ის შექმნაშიც. VW-ში მისი შექმნილი და ყველაზე გამორჩეული მოდელების სახელები კი ასე გამოიყურება: CC (სისი), Golf, Jetta, Passat-ი, Touareg-ი და Beetle-ი.

გაზიარება: