Volkswagen-ი რუსეთის ქარხნის დატოვებისთვის თანამშრომლებს ფულს გადაუხდის
VW Group-მა თავის დასაქმებულებს ფულადი კომპენსაცია შესთავაზა იმისა სანაცვლოდ, რომ მათ ნიჟნი-ნოვგოროდში არსებული ქარხანა დატოვონ.
გერმანული ავტომწარმოებელი რუსეთში არსებულ თავის ქარხანაში Taos-ს, Skoda Octavia-ს, Karoq-სა და Kodiaq-ს აწყობს. აგრესორი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის გამო VW-მა რუსეთში თავისი საქმიანობის შესახებ თებერვალშივე დააანონსა. ახლა კი ნიჟნი-ნოვგოროდში არსებული ქარხანა სრულად ჩერდება. გარდა ამისა, მწარმოებელი რუსეთში მანქანების ექსპორტსაც წყვეტს.
Volkswagen-ი ამ ქალაქში არსებულ ქარხანას სრულად არ ფლობს. Skoda Octavia, Karoq-ი და Kodiaq-ი Gaz Group-თან შეთანხმებით ამ დაწესებულებაში იწყობა. სწორედ ამიტომ, რუსეთის დასანქცირებისთვის მწარმოებელმა სხვა ხერხს მიმართა.
VW-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია საწარმოში დასაქმებულ 200 თანამშრომელს 6 თვის განმავლობაში ფულად კომპენსაციას და წლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევას შესთავაზებს. ეს ყველაფერი იმის სანაცვლოდ, თუ ისინი ქარხანაში მუშაობას შეწყვეტენ.
ოკუპანტების უკრაინის მიწაზე შეჭრის შემდეგ დიდი კომპანიები რუსეთის ბაზარზე ოპერირებას მასობრივად წყვეტენ. მაისში Renault Group-მა Renault Russia-ს 100%-იანი წილი გაყიდა. ასევე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება AvtoVAZ-ის აქციების 67.7% NAMI-ისთვის მიეყიდათ. ამავე შეთანხმების თანახმად, Renault-ს აქციების უკან შესყიდვა მომდევნო 6 წლის ვადით ეზღუდება. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში თუ მწარმოებელი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გადაწყვეტს.