Fiat 500-მა გზატკეცილი ენერგიის დახარჯვის გარეშე გაიარა
Stellantis-ი მომავლის მართვის მეთოდებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. ახლახან, „Arena del Futuro-ზე“ ექსპერიმენტული გზა მოაწყვეს, რომელშიც ავტომობილების უსადენო დამტენი იყო ჩაშენებული. მწარმოებელმა განაცხადა, რომ ამ მხრივ მათ ეფექტურობის ისეთ დონეს მიაღწიეს, როგორც ეს სწრაფი დამმუხტველის სადგურებზეა.
დიახ ბატონებო, Stellantis-მა თქვა, რომ ელექტრო Fiat 500-ს, გზატკეცილზე დასაშვები სიჩქარით, გზის დაფარვა ბატარეების ენერგიის გამოყენების გარეშე შეულია. მაგნიტური ზედაპირი სრულად უვნებელია ადამიანებისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უსადენო დამმუხტველი ტექნოლოგიის განვითარების შემთხვევაში ელექტრომობილების სვლის მარაგი უსასრულო იქნება. Stellantis-ი ამ ტექნოლოგიაზე რამდენიმე პარტნიორთან ერთად მუშაობს.
სატესტო დაწესებულება ჩიარიში, იტალიაში მდებარეობს. ეს ტექნოლოგია ასფალტის ქვეშ არის განთავსებული. მას ელექტრო ენერგია მანქანებზე, ავტობუსებზე და სატვირთოებზე პირდაპირ გადააქვს. ამ სისტემას სპეციალური მიმღების საჭიროება არ აქვს. ენერგია გზიდან პირდაპირ ელექტრო ძრავებს მიეწოდება. შედეგად მანქანა ისე დადის, რომ ბატარეები არ განიმუხტება.
„Arena del Futuro” მუდმივ დენს იყენებს, რათა ენერგიის მიწოდების პროცესში დანაკარგი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ავტომწარმოებელი გვპირდება, რომ გზებზე ელექტრო სადენები არ ჩანს. ადამიანებისთვის კი ასეთი ადგილების გადაკვეთა სრულად უსაფრთხოა.
აღსანიშნია, რომ Stellantis-ის ეს ტექნოლოგია ელექტრო მობილების მფლობელებისთვის ბევრ პრობლემას აგვარებს. ინდუქციური დამუხტვის წყალობით, ბატარეების სიცოცხლის უნარიანობა იზრდება, მცირდება სვლის მარაგზე ფიქრით გამოწვეული მღელვარება, მნიშვნელოვნად იზრდება ენერგოეფექტურობა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ასეთი სისტემების დახმარებით, მანქანებში დიდი ზომის ბატარეების გამოყენებაც აღარ იქნება საჭირო. შედეგად, შემცირდება EV-ების წონა და წარმოების ხარჯები.
როგორ ფიქრობთ, გვაქვს თუ არა საქმე რევოლუციურ ტექნოლოგიასთან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.