BMW-მ CSL მოდელების საიდუმლო პროტოტიპები გამოაჩინა
ავტოინდუსტრიაში ტექნიკური ინოვაცია მარტივად და ერთბაშად არ იბადება. ინჟინრების გუნდი საწყის ეტაპებზე უამრავ კონცეპტუალურ გადაწყვეტილებას ცდიან. ამ პროცესში კი ხშირად შექმნილა ისეთი პროტოტიპები, რომლებსაც წარმოებამდე არასდროს მიუღწევია. მიუხედავად ამისა, მათი ხილვა მაინც ამაღელვებელია.
BMW-მ ახლახან თავისი საიდუმლო ფარეხის კარი გახსნა, სადაც ერთი გამოშვების უამრავ პროტოტიპს ინახავს. ეს კონკრეტული მანქანების კი მაშინაა შექმნილი, როდესაც თანამედროვე CSL-ის მოდელს ამზადებდნენ.
ზემოთ მიბმული ვიდეო BMW M-ის გუნდმა გადაიღო. კომპანიის პროტოტიპებისა და კონცეპტუალური მოდელების შექმნის უფროსი, ჰანს რანი, CSL-ის სამ ყველაზე განსაკუთრებულ პროტოტიპზე გვიყვება.
პირველი E46 M3 CSL-ის პროტოტიპია. ის თითქმის ისე გამოიყურება, როგორც სერიული წარმოების E46 CSL-ი. მთავარ ცვლილებებს აქ კაპოტი მალავს. როგორც ამ ავტომობილის საოცარი ხმით შეატყობდით, ძრავის განყოფილებაში V8-ა განთავსებული. 4-ლიტრიანი აგრეგატი 424 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინა ბამპერზე კი ერთის ნაცვლად, ჰაერის ორი შემშვები არხია გამოჭრილი.
მეორე კონცეპტი E60 M5 CSL-ის პროტოტიპია. უცნაურად ჟღერს, არა? მანქანას M5-ის V10 ძრავა აქვს, მაგრამ ის მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. მოცულობა 5.7-ლიტრამდე გაზარდეს, ხოლო წითელი ხაზი 9 000 ბრუნზეა. M5 CSL-ი, სტანდარტულთან შედარებით, 121 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებს. მძღოლის განკარგულებაში 621 ცხენის ძალაა. შეცვლილი გახლავთ გადაცემათა კოლოფიც. რობოტიზებულ მექანიკურ ტრანსმისიას ორმაგი ქუროს მქონე კოლოფი არჩიეს. CSL-ის ჭეშმარიტი მნიშვნელობისთვის კი მანქანა კარბონის სახურავით აღჭურვეს.
ბოლო პროტოტიპი E63 M6 CSL-ია, რომელიც ასევე V10-ით იწონებს თავს. თუმცა, ვერსიაში ის 5-ლიტრიანი მოცულობისაა და სტანდარტულ სიმძლავრეს - 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, ამ მოდელში ინჟინრების გუნდმა აქცენტი აეროდინამიკაზე გააკეთა. მანქანა აქტიური აეროდინამიკური სისტემითა და Doppelsteg-ის გარე სარკეებით არის წარმოდგენილი. სიჩქარის მატებასთან ერთად მოძრაობს უკანა ფრთაც.
საინტერესოა რა სცენარით განვითარდებოდა CSL-ის ისტორია ეს პროტოტიპები სერიულად რომ გამოსულიყო. ასეთი კონცეპტუალური მოდელების ხილვა კი მუდამ ამაღელვებელია.