Aa
Aa

რა მოხდება თუ 80კმ/სთ-ით მოძრაობისას უკუსვლის სიჩქარეში ჩააგდებთ?

ასეთი შეკითხვები, ალბათ, ბავშვობაში ყველა ავტომოყვარულს გვქონია. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანს ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება და მიღებული გამოცდილებით ცოდნის დაგროვება სურს. ხშირად ეს მისწრაფებები სისულელეშიც გადადის, თუმცა, ამით ჩვენში არსებულ ბავშვურ „ჭიას ვახარებთ“.

სამეცნიერო კვლევის სახელით, YouTube-ის ერთ-ერთი არხის ბლოგერმა ასეთი ტესტირების ჩატარება 1994 წლის Ford Ranger-ზე გადაწყვიტა. მანქანა სრულად ამძრავი გახლავთ და მექანიკური კოლოფი გააჩნია.

ამ გიჟური იდეის განსახორციელებლად Ford-ის საჭე მაიკლ ვეიმმა მოირგო, რომელიც ავტომობილის განადგურების ექსპერტია. მას ასეთი ექსპერიმენტი აქამდეც ჩაუტარებია. თუმცა, პირველ ცდაზე უკანა წამყვანი Chevrolet Prism-ი გამოცადა, რომელსაც ავტომატური კოლოფი ჰქონდა. Ranger-ის შემთხვევაში კი ექსპერიმენტი უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო.

Ramger-მა პირველ მცდელობას გაუძლო. გადაცემათა კოლოფი უკანა სვლაში პირდაპირ გადაირთო და ბორბლების ტრიალი საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო. თუმცა, ამ მცდელობის დროს მანქანა მხოლოდ უკანა წამყვან რეჟიმში გახლდათ.

მეორე ჯერზე მაიკლმა ორივე ხიდი მომართა და 75კმ/სთ განავითარა. მცირედი ნერვიულობისა და ყოყმანის შემდეგ მან უკანა სვლაში გადართო. გადართვის მომენტში მეტალის ნაწილის დაზიანების, ხოლო მოგვიანებით მექანიკური დეტალების ხახუნის ხმა გაისმა. მანქანის წინა ნაწილიდან მოდიოდა ზუილის ხმაც.

რამდენიმე მეტრის შემდეგ მანქანამ ინერციით მოძრაობა შეწყვიტა და უბრალოდ გაჩერდა. ზუსტად რა მოხდა გადაცემათა კოლოფში არ ვიცით, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ სიჩქარის ბერკეტი ჩვეულებრივად მუშაობდა. მაიკლი ფიქრობს, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგად ქურო დაზიანდა. ამის ის აფიქრებინებს, რომ ქუროს სატერფული გამაგრდა, ხოლო სიჩქარის შეცვლას რეაგირება არ ჰქონია.

სამეცნიერო კვლევის სახელით, ამ კითხვას პასუხი გაეცა. ახლა ვიცით, თუ რა დაემართება სრულად ამძრავ ავტომობილს თუ წინ სიარულისას უკუსვლის სიჩქარეს გამოვიყენებთ.

მსგავსი სიახლეები