Aa
Aa

McLaren F1 GTR-ი ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა

ავტოსპორტის მარგალიტი და 1990-იანების უიშვიათესი მოდელი ქალაქის გამოყენებისთვის გადააკეთეს.

ყველამ, ვისაც მინიმალური საავტომობილო ცოდნა აქვს, იცის, თუ რამდენად განსაკუთრებული მანქანაა McLaren F1. ეს მოდელი, ატმოსფერული ძრავის მქონე მანქანებში, დღემდე ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსს ინარჩუნებს. ტურბინიანი მოდელებისა და ელექტრომობილების სამყაროში კი F1-ისთვის ამ ტიტულის ჩამორთმევის ძალზედ დაბალი შანსია. დაბალი, მაგრამ მაინც შანსის არსებობა Gordon Murray T.50-ის დამსახურებაა. ამ მოდელის შესაძლებლობებს კი მალე გავიგებთ.

McLaren-მა ჯამში სულ GTR-ის 28 ეგზემპლარი შექმნა. აქედან, მხოლოდ 10 ერთეული გახლდათ Longtail (გრძელკუდიანი) ვერსიის. ჩვენი დღევანდელი გმირი კი უფრო იშვიათი ავტომობილია. ბრიტანულმა ატელიემ, Lanzante-მ, ეს მანქანა სამოქალაქო გზებზე გადასაადგილებლად გადააკეთა.



ამ შავი ლამაზმანის ლონდონის ქუჩებში დაფიქსირება საოცარი სანახაობა გახლდათ. ეს ის ქალაქია, სადაც შეძლებული ადამიანები თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებით თავს იწონებენ. ამ მხრივ, იყო ბრიტანეთი დედაქალაქში გამორჩეული - ურთულესია. თუმცა, F1 GTR Longtail-ი ამას უმარტივესად ახერხებს. ეს სამსავარძლიანი მოდელი ხმაურიანი, ყველაზე არაპრაქტიკული და ქუჩებისთვის ზედმეტად განიერია, მაგრამ ვიღაც ამ ხელოვნების ნიმუშის მართვას მაინც ბედავს.

McLaren F1 GTR-ი, თავდაპირველად, BPR Global GT Series-ში, FIA GT Championship-ში, JGTC-ში და British GT Championship-ში საასპარეზოდ შეიქმნა. მანქანამ თავისი შესაძლებლობების წარმატებით დემონსტრირება 1995 წლის 24 Hours of Le Mans-ზე გამარჯვებით შეძლო. თუმცა, 1997 წელს ის Porsche 911 GT1-თან და Mercedes-Benz CLK GTR-თან მძიმე კონკურენციაში შევიდა. ასე შეიქმნა გასული საუკუნის 90-იანი წლების საავტომობილო „წმინდა სამება“.

McLaren F1 Longtail GTR-ის ღირებულება 20 მილიონ დოლარს აჭარბებს. დროთა განმავლობაში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები