დაკუნთული ამერიკელი ზებუნებრივი ძალებით
Chevrolet-ის ხსენებისას ყველას „კორვეტი“ ახსენდება და მართლებიც არიან, რადგან ეს მოდელი კომპანიისთვის ყველაზე ფლაგმანურია. 90-იან წლებში კომპანიამ „კორვეტის“ დნმ-ზე დაფუძნებული თანამედროვე Muscle Car-ი შექმნა. ეს იყო ლეგენდარული Impala-ს მე-7 თაობა, რომელშიც Corvette-ის ძრავა მოათავსეს.
1994-1996 წლებში Chevrolet-მა სტანდარტული Caprice Classic-ის პლატფორმაზე Impala ss-ი შექმნა, რომელშიც „კორვეტის“ LT1 ძრავა მოათავსეს, იგი 260 ცხენისძალას და 447 ნიუტონს გამოიმუშავბედა და 5.7 ლიტრი მოცულობის იყო. ამერიკულ ავტომობილებს, როგორც წესი დიდი წონა ახასიათებთ, „იმპალაც“ ნამდვილი ამერიკელი იყო და 1850 კილოგრამს იწონიდა. დიდი მაბრუნი მომენტიდან გამომდინარე 5.5 მეტრი სიგრძის და შესაბამისი წონის ავტომობილი 100-მდე 7 წამში ჩქარდებოდა. საბარგულზე განთავსებული თხელი სპოილერიც „ცუდი ბიჭის“ სტატუსზე ხაზს უსვამდა. ამ ავტომობილმა უამრავ ენთუზიაზისტს თავი შეაყვარე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ აღნიშნულ პერიოდში გაცილებით „თავზეხელაღებული“ ვერსიაც არსებობდა.
Callaway ის კომპანიაა, რომელიც Chevrolet-ის მოდელების გაუმჯობესებით იყო დაკავებული. მათ „იმპალა“ აიღეს და ნამდვილ მონსტრად აქციეს. ძრავის მოცულობა 6.2 ლიტრამდე გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ტექნიკური მახასიათებლებიც. ავტომობილს ბლოკირებული დიფერენციალიც ჰქონდა, რადგან ძრავის მიერ გამომუშავებულ 404 ცხენისძალას უკეთესად შესძლებოდა გზის საფართან მოჭიდება. ამ ყველაფერს უკანა 315 სიგანის მქონე 17-იანი საბურავებიც ეხმარებოდა, საბოლოოდ კი 100-მდე ავტომობილი 5.9 წამში ჩქარდებოდა. Callaway C9 SS იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ კომპანიამ მას Supernatural-ი უწოდა, რაც ქართულად ზებუნებრივს ნიშნავს.
90-იანების Chevrolet-ის მოსაწყენ მოდელებში (Corvette არ იგულისხმება) Impala SS იყო ნიშანი იმისა, რომ ამ კომპანიაში სპორტული განყოფილება ისევ ცოცხალი იყო თავის საქმეს კარგად აკეთებდა.