Aa Aa
16 ივნისი 2022  |  10:05

Ferrari 512 BB Koenig-ი 1980-იან წლებს საუკეთესოდ გამოხატავს

მსოფლიოში ძალზედ ცოტა კომპანიაა, რომელმაც Ferrari-ის მოდიფიცირება გაბედა. მათგან ყველაზე წარმატებული მცდელობა Koenig-ს ჰქონდა, რომელმაც Maranello-ს მოდელებს მეტი სიმხეცე დაუმატა.

ჩვენი ერთგული მკითხველი შეამჩნევდა, რომ ამ ბოლო დროს Koenig-ის მოდელებს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს თქვენი მოთხოვნითაც კეთდება. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ეს კომპანია გერმანული „ტუნინგ“ ატელიეა, რომელიც ვილი კოენიგმა დააარსა. ის საკმაოდ გამოცდილი მრბოლელი გახლდათ. თავისი ფარეხი მან 1977 წელს იმ მიზნით შექმნა, რომ Ferrari „ნამდვილ სპორტულ“ ავტომობილად ექცია. ის 365 GT4BB-ის წარმადობით იმედგაცრუებული გახლდათ.



სურათზე ნაჩვენები მოდელი 1980 წლის 512 BB-ა, რომელსაც ოდომეტრზე 57 629 კილომეტრი აქვს გამოსახული. უკანასკნელი სერვისი მას 2022 წლის აპრილში, Ferrari-ის სპეციალისტთან, დარიო სორერთან ჩაუტარდა. მანქანას ძრავის კომპიუტერი და მანაწილებელი ლილვის ამძრავი ღვედი აქვს. გაურემონტებელი მანქანა იმდენად კარგ მდგომარეობაშია, რომ ახალივით გამოიყურება. კორპუსის ნაკაწრები და სალონის ცვეთა მინიმალურად შეინიშნება.

გერმანული ბაზრისთვის შექმნილი Ferrari 512 BB მეორე მფლობელმა Koenig-ს ჩააბარა და Koenig Special-ის მახასიათებლების მიხედვით გადაკეთება მოსთხოვა. ეს საკულტო დიზაინის მქონე კორპუსის დეტალები, მრავალქიმიან ოქროსფერ დისკებს, უკანა ფრთასა და დაგრძელებულ ტუჩს მოიცავდა.



მძღოლის სავარძლის უკან 4.9-ლიტრიანი ოპოზიტური 12-ცილინდრიანი ძრავა დაგხვდებოდათ, რომელიც დაახლოებით 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ასეთი სიმძლავრე ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამირებით მიიღეს. სიმძლავრეს უკანა ღერძზე 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი ანაწილებდა.

ეს ავტომობილი ახლახან Collecting Cars-ის აუქციონზე იყო გამოტანილი, სადაც 175 000$-ად შეაფასეს. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი იმ ადამიანმა შეიძინა, რომლისთვისაც 80-იანი წლები საავტომობილო ისტორიაში ყველაზე დასაფასებელია.

გაზიარება: