მელიქიშვილის რეაბილიტაცია იწყება
როგორი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის სქემა?
მელიქიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება.
სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება კოსტავას ქუჩიდან ნიკოლაძის ქუჩაზე შეეძლებათ, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კვლავ კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან.
შეზღუდვა ასევე, შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კოსტავას ქუჩისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ჭოველიძის ქუჩაზე, ასევე, გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნიდან ამსვლელი პანდუსის გამოყენებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.
ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი: N540 და ავტობუსები: N301, N345, N359, N388, N397 ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N354 და მიკროავტობუსები: N466, N468 გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისას მიკროავტობუსი: N512 და ავტობუსები: N351, N387 მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მობრუნდებიან; საბურთალოს მხრიდან მოძრავი ავტობუსები: N310, N314, N326, N342, N352, N358, N391, მიკროავტობუსები: N472, N532 და თამარ მეფის გამზირიდან მოძრავი ავტობუსები: N306, N331, N337, N378, ასევე, მიკროავტობუსი: N541 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.
რაც შეეხება საბურთალოს მხრიდან მომავალ ავტობუსებს, N351 და N385, ასევე, მიკროავტობუსი: N512 და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტობუსები: N307, N311, N354, მიკროავტობუსები: N466, N468 ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი: N540 გმირთა მოედანზე არსებული პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე მოხვდებიან და შემდეგ უკვე არსებული სქემით გადაადგილდებიან.
წყარო: BM.ge