Pagani-მ გრძელკუდიანი Huayra გამოუშვა
ავტომობილები ბავშვობიდან მიტაცებს. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მანქანად McLaren F1 GTR Longtail-ს მივიჩნევ. ამ მოდელისადმი ვნება ადრეული ასაკიდან გამიჩნდა, როდესაც პირველად Plasytation-ისთვის გამოსული Need for Speed High Stakes-ი ვითამაშე. ამ ვიდეოთამაშის გმირი სწორედ ეს ავტომობილი იყო. მას შემდეგ კი Longtail სპორტული ავტომობილები ჩემს გულში განსხვავებულ სენტიმენტებს აღძრავს. ეს მოახერხა Pagani Huayra-ს უახლესმა მოდელმაც.
ალბათ, მოგეხსენებათ, რომ Pagani Huayra-ს მემკვიდრეზე აქტიურად მუშაობს. C10 კოდური სახელით შექმნილ მოდელს რამდენიმე კვირაში ვიხილავთ. თუმცა, იქამდე იტალიურმა კომპანიამ სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა და გასაცილებელი მოდელის Cudalunga, ანუ გრძელკუდიანი ვერსია წარმოგვიდგინა.
ეს ავტომობილი Pagani-ის სპეციალური საპროექტო დივიზიის, Pagani Grandi Complicazioni-ის მიერაა შექმნილი. ჯამში სულ ხუთი ეგზემპლარი შეიქმნება. თითოეულის ფასი კი 7.36 მილიონი დოლარი იქნება. ამ მომენტისთვის კი ხუთივე ავტომობილი გაყიდულია.
Huayra Codalunga-ს შექმნის იდეა ბრენდის ორ გულშემატკივარს გაუჩნდა. ისინი კომპანიაში მივიდნენ და მწარმოებელს Huayra-ს დაგრძელებული ვერსიის შექმნა სთხოვეს. ეს 1960-იანი წლების „გრანდ“ სარბოლო მანქანების დიზაინს გულისხმობდა. ძველი სარბოლო სერიების შთაგონების საჩვენებლად ფერებისა და მასალების კომპლექტიც შეარჩიეს, თუმცა მოდელზე თანამედროვე ელემენტებიც შეინიშნება.
სამუშაო, რომელიც ინჟინრების ჯგუფმა გაწია, ძალზედ შრომატევადი გახლდათ. მხოლოდ დიზაინის შექმნას ორი წელი დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხუთი Codalunga-ს გამოშვება იგეგმება, მისი სამოქალაქო გზებზე გამოყენება სრულად ლეგალურია.
საბოლოო შედეგი კი უბრალოდ ბრწყინვალეა. დეტალებზე ორიენტირება აქ Pagani-თვის დამახასიათებელი ხარისხით შეინიშნება. სალონში არსებული ალუმინის დეტალები სათითაოდ არის ხელით დამუშავებული. ეს კი შესრულების უმაღლესი დონეა.
კორპუსი მსუბუქი, კომპოზიტური მასალითაა შექმნილი. სტანდარტულთან შედარებით, გრძელკუდიანი ვერსია 36 სანტიმეტრით დააგრძელეს. მიუხედავად გაზრდილი ზომისა, Codalunga-ს მშრალი წონა 1 317კგ-ია, რაც Huayra-ზე 70კგ-ით მსუბუქია.
ინჟინრებმა წონა უკანა ცხაურის მოცილებითა და ტიტანის გამშვები სისტემის დახმარებით შეძლეს. ბადისებრი ცხაურის არარსებობით კი მაყუჩები უკეთესად ჩანს, რაც სარბოლო ხასიათს უსვამს ხაზს.
სიმძლავრე ყველასთვის კარგად ნაცნობი 6-ლიტრიანი V12-დან მოდის, რომლის სიმძლავრეც 827 ცხენის ძალასა და 1 100 ნიუტონ მეტრს შეადგენს. ასეთი ძალის განაწილებაზე პასუხისმგებლობას 7-სიჩქარიანი მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფი იღებს. დისკები ნაწრთობი გახლავთ, რომელთა წინა წყვილი 20-იანი, ხოლო უკანა 21-იანია. სამუხრუჭე სისტემა კი, რა თქმა უნდა, კარბონ-კერამიკულია.
როგორ შეაფასებდით Pagani-ს ახალ, განსხვავებულ მოდელს? ღირს თუ არა ეს ავტომობილი 7 მილიონ დოლარზე მეტი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.