კვლევა, ელექტრომობილი, კლასიკური ავტომობილები, წარმოება
Aa
Aa

კლასიკური მანქანები გარემოსთვის ნაკლებ საზიანოა, ვიდრე ელექტრომობილები - კვლევა

Footman James-ის ახალი კვლევის მიხედვით მტკიცდება, რომ კლასიკური ავტომობილები ჯამურად უფრო ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ვიდრე თანამედროვე ავტომობილები. მეტიც, გარემოსთვის ელექტრომობილების წარმოებაც კი უფრო საზიანოა. ეს დასკვნა მკვლევრებმა კლასიკური ავტომობილების გამოყენების სიხშირით დადეს. ასეთი ტიპის მანქანებს წლიურად უფრო ნაკლები გამოყენება აქვს, ვიდრე თანამედროვე მანქანებს. გარდა ამისა, ისინი EV-ების წარმოების დროს გამოყოფილ ნახშირორჟანგზე გაცილებით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.

ბრიტანეთში ერთი საშუალო კლასიკური ავტომობილი წლის განმავლობაში გარემოს 563კგ C02-ით აბინძურებს. მათი მფლობელები კი ყოველწლიურად 2 000კმ-მდე ფარავენ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ავტომობილი კილომეტრზე უფრო ნაკლებ C02-ს გამოყოფს, ადამიანები ამ ავტომობილებით უფრო დიდ დისტანციებს ფარავენ, რაც დაბინძურებას მნიშვნელოვნად ზრდის.


კვლევის მიხედვით მეცნიერებმა საშუალო ავტომობილის შექმნისას გამოყოფილი ნივთიერებების რაოდენობაც დაადგინეს. მაგალითისთვის, VW Golf-ის შექმნით გარემო 6.8 ტონა ნახშირორჟანგით ბინძურდება. ახალი ელექტრო ავტომობილის - Polestar 2-ის - წარმოებისას კი ჰაერში 26 ტონა C02 ხვდება. შედარებისთვის გეტყვით, რომ კლასიკურ ავტომობილს 46 წელი დასჭირდება, რათა გარემო 26 ტონა ნახშირორჟანგით დააბინძუროს.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს შედარება სრულად განსხვავებული იქნება მაშინ, როდესაც მწარმოებლები ნახშირორჟანგ-ნეიტრალურ მიზნებს შეასრულებენ. ეს გეგმა მომავალ ათწლეულში უნდა შესრულდეს. თავად Polestar-ი კი გვპირდება, რომ კომპანია ელექტრომობილის წარმოებისას გარემოს 2030 წლისთვის აღარ დააბინძურებს. Volvo-მ ახლახან აღიარა, რომ დღეს EV-ების წარმოებისას 70%-ით უფრო მეტი C02 გამოიყოფა, ვიდრე შიგაწვის ძრავის მქონე მანქანის შექმნისას.

კლასიკური ავტომობილების მფლობელებს ხშირად კიცხავენ, რომ მათი მანქანები გარემოს აბინძურებს. „მარტივია ჩავთვალოთ, რომ კლასიკური მანქანები დიდი ძრავებითა ძველი ტექნოლოგიებით გარემოს უფრო მეტად აბინძურებს. თუმცა, ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები ამ თეორიას უარყოფს. დაბინძურება სრულად დამოკიდებულია ამ ავტომობილების მოვლასა და გამოყენებაზე. გასაგებია, რომ თანამედროვე და ელექტრო მანქანები ყოველდღიურად გარემოს ნაკლებად ავნებს, მაგრამ მთავარი აქ მათი წარმოების შედეგად გამოწვეული ეფექტია,“ - ამბობს დევიდ ბონდი, Footman James-ის დირექტორი.

შეგეცვალათ თუ არა აზრი ამ კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები