BMW, M3, M3 Touring
Aa
Aa

BMW M3 Touring-ის დებიუტი - 503-ცხენისძალიანი უნივერსალი

Audi RS4 Avant-სა და Mercedes-AMG C63-ს BMW-ს ახალი სპორტული უნივერსალის გამოსვლით სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ M3 Competition-ზე დაფუძნებული უნივერსალი საბოლოოდ გამოჩნდა. ის კარგად ნაცნობი 3-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 503 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ სიმძლავრეს 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია, M xDrive სისტემით, ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. ეს მოწყობა M3 Touring-ს საშუალებას აძლევს 100კმ/სთ 3.6 წამში განავითაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 280კმ/სთ-ს აღწევს. 



მაღალი წარმადობის მქონე ძრავის გარდა, უნივერსალი სხვა სპორტული დეტალებითაც არის აღჭურვილი. ავტომობილი დაკიდების სპორტული სისტემითა და Active M დიფერენციალით არის წარმოდგენილი. წინ 20-იანი, ხოლო უკან 19-იანი დისკები ნაწრთობია, რომელიც კარბონ-კერამიკულ სამუხრუჭე დისკებს მალავს.

მთელი ამ დეტალების დამსახურება ისაა, რომ M3 Touring-ი Nurburgring-ის წრეს 7:35.060-ში ფარავს. ეს დრო კი უნივერსალის ტიპის მანქანებში რეკორდი გახლავთ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ეს „ვაგონი“ M5 Competition-ზე და მეორე თაობის Acura / Honda NSX-ზე სწრაფიცაა.




ვიზუალური თვალსაზრისით, უნივერსალი M3 და M4-ის ნაკვალევს მიუყვება. წინ უზარმაზარი ცხაურა გვაქვს. სარკეები აეროდინამიკურია, ხოლო უკანალს 4 მაყუჩი ამშვენებს. საუკეთესო თვისება ამ ავტომობილის პრაქტიკულობაა. ამ მანქანის მფლობელი საჭიროების შემთხვევაში 1 510 ლიტრი მოცულობის საბარგულის გამოყენებას შეძლებს.

განახლებულია ინტერიერი. სალონი Curved Display-ით არის წარმოდგენილი, რომელიც 12.3-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფასა და 14.9-დუიმიანი მულტიმედიის ეკრანს აერთიანებს. ასევე, ინტერიერი Merino-ს ტყავითა და სპორტული საჭითაც გახლავთ დამშვენებული.




აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ M3 Touring-ის აშშ-ში გაყიდვა არ იგეგმება. მოდელის შეძენას მსურველები ევროპაში და ავსტრალიაში, ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები