ქუჩის რბოლა, იუთუბერი
Aa
Aa

ბრიტანელი „იუთუბერი“ სახიფათო მართვის გამო ციხეში ჩასვეს

ბრიტანელი „იუთუბერი“, რომელსაც თითქმის 70 000-გამომწერიანი არხი აქვს, ციხეში 27 თვეს გაატარებს. სასჯელი მას ქუჩებში სახიფათო მანევრების შესრულებისთვის დაეკისრა.

25 წლის ადილ ჰაბიბი Certi Drivers-ის არხის მაყურებელს თავის ვიდეოს უზიარებდა. კადრებში ჩანს, თუ რამდენად სახიფათოდ მართავს ის ქუჩებში მანქანას. ჰაბიბი გზის საკმაოდ დატვირთულ მონაკვეთებზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, შუქნიშნებს არ ემორჩილებოდა და მანქანებს მილიმეტრებში აცილებდა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მის არხზე მთელი მისი მასალა წაიშალა.

პოლიცია ამბობს, რომ ჰაბიბმა საგზაო წესები 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის ოქტომბრის შუალედში დაარღვია. ასევე, ინფორმაცია ჰქონდათ მისი არხის შესახებაც, სადაც აგრესიული მართვის ვიდეოები ქვეყნდებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა 25 წლის ბიჭი კანონს არღვევს. როდესაც პოლიცია მის საქმეს იკვლევდა, აღმოაჩინეს, რომ ადილს 4 წელი ნარკოტიკების გამო ციხეში ჰქონდა გატარებული. ახლა კი ახალი სასჯელი მიესაჯა, რაც მართვის მოწმობის 4 წლით ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

როგორც ხედავთ ბრიტანეთში ასეთ მძღოლებს საკმაოდ მკაცრად სჯიან. საქართველოში კი ამ მხრივ შედარებით რბილი მიდგომაა. უნდა მივიღოთ თუ არა ჩვენს ქვეყანაშიც ასეთი ხისტი ზომები? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები