BMW M-ის ხელმძღვანელი: მექანიკური კოლოფები გადასაგდებად ზედმეტად პოპულარულია
მექანიკური გადაცემათა კოლოფები BMW-ს ავტომობილებში კიდევ დიდხანს დარჩება!
BMW იმ ავტომწარმოებელთა სიაშია, რომლებიც მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ჯერ კიდევ აფასებენ. რამდენიმე თვის წინ M დივიზიის ხელმძღვანელმა ფრენკ ვან მეელმა აზრი გამოთქვა, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფები გაქრობის პირას იყო. ახლა კი ამბობს, რომ იქამდე დაიტოვებენ, სანამ შესაძლებელი იქნება.
„ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან ცოტა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ დავიტოვოთ. უფრო მძიმეა, უფრო ნელი და ნაკლებად ეკონომიური, მაგრამ მყიდველებს ის მოსწონთ“, - ამბობს მეელი Autocar-თან ინტერვიუში.
მან თქვა, რომ განახლებული M2-ის შეკვეთების ნახევარი სწორედ მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი ვერსიები იყო. M2-ს შეძენა 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა შესაძლებელი.
BMW-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ ავტონომური მართვის სისტემები მექანიკურ კოლოფებს საბოლოოდ მოკლავს. ეს მომენტი კი ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა, ელექტრიფიკაციის ზრდასთან ერთად მექანიკური გადაცემათა კოლოფები სულ უფრო იშვიათი ხდება.
ავტოენთუზიასტების ნაწილი მზადაა, მექანიკური გადაცემათა კოლოფები წარსულში დატოვოს, ზოგს კი ჯერ არ უნდა ხელის გაშვება. ახალი ავტომობილის შეძენა, რომელსაც მესამე სატერფულიც ექნება, სულ უფრო რთული ხდება.