„იუთუბერის“ თქმით, Tesla Model S Plaid-ის მუხრუჭებმა კინაღამ შეიწირა
„იუთუბერი“ თავის ავარიაში Tesla-ს ადანაშაულებს.
Tesla Model S Plaid-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი წარმოებული ავტომობილია. სამწუხაროდ, სამუხრუჭე სისტემას პრობლემები აქვს. მიუხედავად განახლებული სამუხრუჭე კომპონენტებისა, ამ „იუთუბერმა“ საკუთარ თავზე გამოცადა, რა შეიძლება მოხდეს, როცა 273კმ/სთ სიჩქარეზე მუხრუჭები ნაწილობრივ არ იმუშავებს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვიდეოში ჩანს, როგორ ნელდება ავტომობილი, სანამ საბოლოოდ საბურავების ბარიერს შეეჯახება.
ჩეინ ლორდი თავის არხზე ამ Tesla-ს არაერთ გამოცდას უწყობს. ბოლო დროს კი ავტომობილს Unplugged Performance-ის მუხრუჭები დაუყენა. ქარხნული მუხრუჭები ერთ-ერთი გამოცდისას გადაახურა. რაც არ შეუცვლია, სამუხრუჭე სითხეა
DOT 3 სამუხრუჭე სითხე Tesla Model S Plaid-ისთვის ქარხნულია. ახალი მუხრუჭებისთვისაც ამ სითხეს იყენებდა. ავარიის მიზეზიც შეიძლება სწორედ ეს გამხდარიყო. ამაზე ისაუბრა სწორედ იუთუბერმა ერთ-ერთ კომენტარში:
„ქარხნულ სამუხრუჭე სითხეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ადუღებს. Tesla-ს უყვარს იმის შეხსენება, რომ ეს სედანი სარბოლო ტრასაზე არ არის გათვლილი... თუმცა ამ ავტომობილს „ტრასის რეჟიმი“ აქვს და სწორედ ეს რეჟიმი მქონდა არჩეული. თუ ეს ავტომობილი ტრასაზე გამოუსადეგარია, მაშინ რატომ აქვს ეს რეჟიმი? Tesla-მ, სანამ ვინმე დაშავდება, ავტომობილები უკან უნდა გაიწვიოს და ეს პრობლემა გამოასწოროს“.
ვნახოთ, რა მოხდება შემდეგში. მძღოლმა კი ნამდვილად საშიში გამოცდილება მიიღო. ავარიამდე ვიდეოში ლორდმა შენიშნა კიდეც, რომ მუხრუჭები „ზედმეტად“ ცხელი იყო. საბედნიეროდ, მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას მუხლის და რამდენიმე ნეკნის მოტეხილობა აქვს, თუმცა, შედეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილიყო.