რეგულარული და ხელმისაწვდომი Porsche 944
Porsche ავტოინდუსტრიაში ერთერთ საუკეთესო მანქანებს აწარმოებს და ეს ფაქტი მისი დაარსებიდან დღემდე უცვლელია. ყველა ავტომოყვარულმა იცის, რომ ამ ლოგოს ქვეშ მოთავსებული ავტომობილი სპორტული ხასიათით გამოირჩევა და ბევრისთვის ფუფუნების საგანსაც კი წარმოადგენს. ავტოენთუზიაზისტების იმ ნაწილს, რომლებსაც Porsche-ს შესაძენად შესაბამისი ფინანსები არ ჰქონდათ, მხოლოდ მათზე ოცნებით ტკბობა შეეძლოთ. 1975 წელს კომპანიამ აღნიშნული პრობლემა Porsche 924-ით გადაჭრა. ეს ავტომობილი VW/AUDI ჯგუფის მიერ შექმნილი აგრეგატებით და სხვა დეტალებით იყო დაკომპლექტებული, რაც ამ მანქანას ფართო მასებისთვის მეტად ხელმისაწვდომად აქცევდა. ეს იყო პირველი მასიური წარმოების Porsche, რომელიც წყლით გრილდებოდა, თუმცა ამ კომპანიას სპორტული ავტომობილების მიმართ ამოუცნობი დაავადება სჭირს და ამ უწყინარი მოდელიდანაც კი ველური ავტომობილი შექმნეს. დღეს ჩვენ Porsche 944 Turbo-ს გავიხსენებთ!
თუ Porsche 924 რეგულარული ავტომობილების აგრეგატებს და დეტალებს იზიარებდა, 944-ში ყველაფერი განსხვავებული და ინდივიდუალური იყო. ყველაზე მძლავრი ვერსია Turbo S მოდელი იყო. იგი 4-ცილინდრიანი 2.5 ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავით იყო აღჭურვილი. მას 250 ცხენისძალა და 350 ნიუტონი ჰქონდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ს შეადგენდა და 0-დან 100-მდე 5.7 წამში ჩქარდებოდა. აღნიშნული მახასიათებლებით ამ მოდელზე გაცილებით ახალი თაობის Porsche-ს ზოგიერთი მოდელიც კი ვერ დაიტრაბახებდა.
ავტომობილს Pop Up ფარები ძალიან უხდებოდა, აგრეთვე მისი წინა და უკანა ბამპერები 924-თან შედარებით გაცილებით აეროდინამიკული იყო. წონის უკეთესი გადანაწილებისთვის ავტომობილის გადაცემათა კოლოფი და უკანა დიფერენციალი გააერთიანეს და ორივე უკანა დაკიდებს ეკუთვნოდა. ავტომობილი მართვის ძალიან დიდი უნარებით გამოირჩეოდა, თითქმის არ არსებობდა დავალება, რომელსაც იგი წარმატებით ვერ შეასრულებდა. Turbo S ვერსიაში სამუხრუჭე სისტემაც მეტად დახვეწილი იყო. სამუხრუჭე სისტემას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილს ხელის მუხრუჭის უცნაური განლაგება ჰქონდა, რომელიც მძღოლის კარების მხარეს იყო განთავსებული.
წარმოების დასაწყისში ბევრი რისკი არსებობდა, რომ წინაძრავიანი Porsche იმედებებს ვერ გაამართლებდა, თუმცა საქმე პირიქით შემოტრიალდა. 924 და 944-იც კომპანიის ისტორიაში ერთერთი წარმატებული მოდელები იყვნენ, შესაბამისად მწარმოებელმა 944 Turbo S-ის ახალი ვერსიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც სრულიად განსხვავებული და მეტად დახვეწილი იქნებოდა, უბრალოდ ინჟინრებმა პროექტს რომ გადახედეს, მიხვდნენ, რომ ახალი წარმოების შექმნა უწევდათ, ამიტომ სრულიად ახალი მოდელის დაპროექტება გადაწყდა. სწორედ ამ მიზეზით ვიხილეთ მისი შთამომავალი, რომელსაც Porsche 928 დაარქვეს.