Aa Aa
2 ივლისი 2022  |  10:28

მსოფლიოში ყველა პატარა როტორული ძრავა წუთში 30 000 ბრუნს ასრულებს

Toyan-ი კომპანიაა, რომელიც მინიატიურულ ძრავებს აწყობს. CrystalAuto-ს პლატფორმაზე რამდენიმე ასეთი ძრავის ვიდეოც დავდეთ და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ეს ყველაფერი ჩვენი პორტალის ვიდეოების განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა, ამ ადამიანების ახალი ნახელავი სტატიის დაწერასაც იმსახურებს. მეგობრებო, თქვენ წინაშეა მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის როტორული ძრავა. ეს მინიატიურული  აგრეგატი 0.0024-ლიტრი მოცულობისაა.

ეს ძრავა ერთ-ერთმა იუთუბერმა, Warped Perception-ის არხის მთავარმა ფიგურამ შეიძინა. მან პაწაწინა Wankel-ი აამუშავა და სადემონსტრაციო ვიდეო გადაიღო. თუმცა, ეს ყველაფერი მარტივი საქმე არ ყოფილა. როტორულ ძრავასთან დაკავშირებული ხომ არაფერია მარტივი...

როგორც ვიდეოს აღწერიდან ვიგებთ, ძრავის მუშაობა, თავისი ზომიდან გამომდინარე, ძალზედ კომპლექსური პროცესია. ავტორი იმითაც კი გაოცდა, რომ აგრეგატი საერთოდ ამუშავდა.


ელექტრო სტარტერის დახმარებით და რამდენიმე მცდელობის შემდეგ პატარა როტორს დატრიალება გაუჭირდა. თუმცა, დროსელის მეტად გახსნის შედეგად დაქოქვა მაინც მოხერხდა. ძრავამ კი საბოლოოდ იმდენხანს იმუშავა, რომ მისი ბრუნების დათვლაც შესაძლებელი გახდა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს აგრეგატი გარკვეულ მომენტებში წუთში 30 000 ბრუნს ასრულებდა. ამ დროს ძრავას იმდენად დიდი ხმა ჰქონდა, რომ გადამღების სმენა თითქმის დააქვეითა.

ამ ძალზედ პატარა აგრეგატს თავისი ზომისთვის სერიოზული სიმძლავრე აქვს და ამას ხუმრობით არ ვწერთ. ის 0.7 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როტორი 10-თეთრიანი მონეტის ზომის გახლავთ. ეს აგრეგატი Mazda-ს ცნობილი 13B-ის ზომის რომ იყოს 2.7-ჯერ მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებდა.

თუ ასეთი სათამაშოები მოგწონთ გეტყვით, რომ ამ პაწაწუნა როტორის შეძენას 500$-ად შეძლებთ.

გაზიარება: