რუსეთში Nissan-ი წარმოებას ექვსი თვით აჩერებს
Nissan-მა რუსეთში წარმოების შეჩერების ვადა კიდევ უფრო გაახანგრძლივა.
Nissan-ის წლიურ გენერალური შეკრებაზე კომპანიის ხელმძღვანელმა, მაკოტო უჩიდამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი მდგომარეობის გამო იქნა მიღებული. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე სიტუაცია არ გამოსწორებულა და აგრესორი ქვეყანა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს მაინც ასრულებს.
„ვფიქრობთ, ეს სიტუაცია უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს და უფრო დიდხანს გაგრძელდება,“ - ამბობს უჩიდა.
Nissan-მა რუსეთში წარმოება პირველად მიმდინარე წლის მარტის თვეში შეაჩერა. ეს ყველაფერი ტერორისტული სახელმწიფოს უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში მოხდა. თუმცა, კომპანია აგრესორების ქვეყანაში წარმოების სრულად შეჩერებაზე ჯერ მაინც არ საუბრობს.
„როუტერსის“ ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარი იაპონური კომპანიების მხოლოდ 2.4%-მა დატოვა. რა დროსაც Nissan-ის პარტნიორმა Renault-მა აგრესორი ქვეყნის ბაზარზე სრული უარი განაცხადა. თანაც მაშინ, როდესაც ეს კომპანია AvtoVAZ-ის უდიდესი მეწილო იყო.
მაისის შუა რიცხვებში Nissan-მა თავისი ფინანსური ანალიზის შესახებ მოხსენება გაასაჯაროვა. კომპანიის ფინანსური წელი 2022 წლის 1 აპრილს დაიწყო. მათი შეფასებით რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო Nissan-ი 2023 წლის 31 მარტს 52 მილიარდი იენის ზარალს ელის, რაც ნახევარი მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.
შეგახსენებთ, რომ Nissan-ი სანქტ-პეტერბურგში არსებულ თავის ქარხანაში X-Trail-ს, Murano-ს, Qashqai-სა და Terrano-ს საწარმოო ხაზები აქვს. ქარხნის წლიური დატვირთვა კი 100 000 ავტომობილს შეადგენდა.