Aa
Aa

BMW-ს საიდუმლო ფარეხში M5-ის კაბრიოლეტი და V12 Z3 იმალება

BMW-მ ახალი ვიდეო მიუნხენის მუზეუმში გადაიღო, სადაც BMW M-ის 50-წლიანი იუბილესთვის პატარა გამოფენა მოაწყო. BMW-ს ტიპური სტილით, ვიდეოში საიდუმლო ფარეხი და საინტერესო პროტოტიპები ჩანს. ჩამონათვალში ერთი გამოშვების M5 კაბრიოლეტი, V12-იანი Z3 და უნიკალური, Le Mans-ის სარბოლო მანქანის ძრავის მქონე M8-ა.

როგორც უკვე მიხვდებოდით, საწარმოო მწვანე შუქი ჩამოთვლილთაგან არც ერთ მათგანს აუნთეს. მიუხედავად ამისა, ეს პროტოტიპები სრულად ფუნქციურია და კარგად არის შენახული.


დავიწყოთ M5-ის კაბრიოლეტით, რომელიც ორი კარითა და რბილი სახურავით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ E34 თაობის M5 მხოლოდ 4-კარიანი სედანის და უნივერსალის ვერსიად გამოდიოდა. სწორედ ამიტომ, კაბრიოლეტის შექმნა მარტივი არ გახლდათ. ის ოთხკაციანი კაბინითა და სპეციალურად დამზადებული, ინტეგრირებული ღვედების მქონე სავარძლებით არის წარმოდგენილი. დიდი ზომის საბარგული კეცვად სახურავს მალავს. ყველა სხვა მექანიკური დეტალი კი M5-ისაა, მათ შორის 3.8-ლიტრიანი I6 ძრავაც.


შემდეგი გიჟური პროტოტიპი Z3 M Roadster-ია. კაპოტის ქვეშ ის განსაკუთრებულ აგრეგატს მალავს. BMW-ს 5.4-ლიტრიანი V12 მერვე სერიიდან გადმოიტანეს და უკანა წამყვან როდსტერში მოათავსეს. არც თუ ისე იდეალური წონის გადანაწილების გამო პროტოტიპს „თვითგანადგურებაც“ უწოდეს. მანქანა 1999 წელს შექმნეს. ეს Z3 სახალხოდაც რამდენჯერმე გამოაჩინეს.


ბოლო პროტოტიპის არსებობა CrystalAuto-ს მკითხველებისთვის ახალი არ უნდა იყოს. ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე ჩვენ დიდი ხნის წინ მოგიყევით. ეს მანქან აჩვენებდა იმას, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი მერვე სერიის ქარხნული M ვერსია. წითელ ფერში შეღებილი პროტოტიპი კორპუსის უნიკალურ დეტალებს ატარებს. გვერდებზე დიდი ზომის ჰაერის შემშვები გვაქვს, რაც მანქანას სპორტულ ხასიათს ანიჭებს. ყველაზე საინტერესოს კაპოტი მალავს. ძრავის განყოფილებაში 6-ლიტრიან V12 ძგერს. ამ აგრეგატს Le Mans-ის სარბოლო მანქანა იყენებდა. ამ მოდელზე მეტ ინფორმაციას ამ ლურჯ სიტყვებზე ხელის დაჭერით გაეცნობით.

რომელია მათგან თქვენი ფავორიტი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები