პიკაპის მძღოლმა „სუპერქარების“ დამტვრევა სცადა
განრისხებული მძღოლების გზებზე დაპირისპირება ძალზედ საშიში რამ გახლავთ. ხშირად რთულია იმის გაგება, თუ რა განზრახვა შეიძლება ჰქონდეს გაბრაზებულ ადამიანს. ხანდახან ეს ყველაფერი ხმოვანი სიგნალითა და უხეში ჟესტიკულაციის ჩვენებით მთავრდება, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, როგორც ვიდეოში ნაჩვენები Ford Ranger-ის მძღოლი მოიქცა. მან სამი ძვირადღირებული მანქანის დამტვრევა სცადა.
ვიდეო იწყება იმით, თუ როგორ ცდილობს პიკაპის მძღოლი მარცხნივ მიმავალი GT-R-ის დამტვრევას. საბედნიეროდ, GT-R-ის მძღოლი ავარიას თავიდან იცილებს და გზიდან გადადის. მას შემდეგ, რაც Ranger-ის მარჯვენა მხარეს არავინ დარჩა, მისმა მძღოლმა აგრესია მარჯვენა ზოლში მოძრავ GT-R-ზე გადაიტანა.
კარგია, რომ ამ GT-R-საც საკმარისი ადგილი ჰქონდა იმისთვის, რომ შეჯახება თავიდან აერიდებინა. თუმცა, პიკაპის მძღოლის სიმხეცე ამით არ დასრულებულა. მისი შემდეგი სამიზნე Lamborghini Aventador SVJ გახდა. Ranger-ი წინ მიმავალი იტალიური სუპერავტომობილესკენ აჩქარდა. მიუხედავად იმისა, რომ SVJ-ის მძღოლმა გზიდან გადასვლა სცადა Ranger-ი მას მაინც შეეჯახა. ვიდეოს ბოლოს „სუპერქარების“ ერთობლიობა ჩანს. სავარაუდოდ, მათ Ranger-ის მძღოლის შეჩერება მოახერხეს. მაღალი ალბათობით, გიჟ მძღოლს ზარალის ანაზღაურება მოუწევს, რაც ცოტა ნამდვილად არ იქნება.
ვიდეოში არ ჩანს თუ რა მოხდა ინციდენტამდე. თუ პიკაპის მძღოლი „სუპერქარების“ მძღოლების რაიმე ქცევამ გააღიზიანა ეს მას ასე მოქცევის უფლებას მაინც არ აძლევდა. Instagram-ის პოსტის მიხედვით ვიგებთ, რომ ეს ადამიანი ნასვამი იყო. როგორც მოგეხსენებათ, თრობა გასამართლებელი საბუთი არ არის.