Lucid Air-ი Goodwood-ზე წელს ყველაზე სწრაფი საწარმოო მანქანა იყო
Lucid Air-ს ჯერ ბრიტანული ბაზრისთვის ავტომობილები არ მიუწოდებია, მაგრამ მწარმოებელმა Goodwood Festival of Speed-ზე გამოსვლა მაინც გადაწყვიტა. Lucid-ის ახალმა მოდელმა ლეგენდარული აღმართი გაიარა.
Air-ი, რომელსაც სურათებზე და ვიდეოში ხედავთ Grand Touring Performance-ია. ეს Dream Edition-ის შემდეგ პირველი ახალი ვერსიაა. Dream Edition-ი კი შტატებში მთლიანად გაიყიდა. ეს ვერსია მალე ევროპული ბაზრისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
Air Grand Touring Performance-ს ორი ელექტრო აგრეგატი აქვს, რომელიც ჯამში 1 050 ცხენის ძალასა და 1 250ნმ-ს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაოდენობა Dream Edition-ის 1 111 ცხენის ძალას ჩამორჩება, ახალი მოდელი მაინც არაორდინალურად სწრაფია.
ეს ყველაფერი არ არის. ბენ ქოლინსმა ამ Lucid-ით აღმართის დაძლევა 50.79 წამში შეძლო. ამით Air Grand Touring Performance-ი Goodwood-ზე ყველაზე სწრაფი საწარმოო მოდელი გახდა. ასევე ამ EV-მ ისეთ მანქანებს აჯობა, როგორიც Porsche 911 GT2 RS MR-ი, BMW M4 CSL-ი, Nissan Skyline GT-R R32 grp A, Ferrari Roma და Ferrari 488 GTE-ა.
„Lucid Air Grand Touring Performance-ის Goodwood-ზე გამოსვლა გასაოცარი შედეგით დასრულდა. ფესტივალზე მსოფლიოში საუკეთესო სპორტული ავტომობილები გამოდის, რომელთა უმეტესობასაც ჩვენმა მოდელმა აჯობა. ეს კი Lucid-ის ტექნოლოგიისა და ძალოვანი აგრეგატის დახვეწილობას ამტკიცებს,“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, პიტერ როულსონი.
Lucid-ს ევროპული ბაზრისთვის გამოსაშვები Air Grand Touring-ის ფასი არ გაუმხელია. თუმცა, ვიცით, რომ Dream Edition-ის ფასი გერმანიის ბაზარზე 230 000€ ეღირება.