1995 წლის Mazda Miata LS1-ის ძრავით აუქციონზე გადის
5.7-ლიტრიანი V8 ძრავა მოდიფიცრებულია და შიშის მომგვრელი ხმა აქვს.
მას შემდეგ, რაც 1997 წლის Chevy Corvette-ი LS1 V8 ძრავით გამოვიდა, ხალხი ამ აგრეგატებს სხვა ავტომობილებში მასობრივად დგამდა. LS1 ხვდებოდა ისეთ მოდელებში, რომელთა ძრავებსაც ქარხნულად ნაკლები მოცულობა და ცილინდრი ჰქონდა. დღეს კი ერთ-ერთ ასეთ პროექტზე უნდა მოგიყვეთ. სურათზე და ქვემოთ მიბმულ ვიდეოში 1995 წლის Mazda MX-5-ია ნაჩვენები, რომელიც ახლა Bring a Trailer-ის აუქციონზეა განთავსებული.
პირველი თაობის Miata ატმოსფერული 1.6 და 1.8-ლიტრიანი აგრეგატით გამოდიოდა. მისი წარმოება 1990-დან 1997 წლამდე გაგრძელდა. შედარებით დიდი ძრავა 1994 წლიდან იყო გამოყენებული. სიმძლავრე 128 ცხენის ძალას აღწევდა, რომელიც 1 000კგ-იანი როდსტერის უკანა ღერძზე 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ნაწილდებოდა. ასეთი მოწყობით მანქანა 0-დან 100-მდე 8.8 წამში ჩქარდებოდა. Miata გასართობი ავტომობილი იყო, მაგრამ დიდი სიმძლავრით ვერ დაიკვეხნიდა. ამ დროს კი ნახევარი ტონით მძიმე Corvette-ი 5.7-ლიტრიანი LS1-ით 100კმ/სთ-ს 5.2 წამში ავითარებდა.
სწორედ ასეთი სხვაობის აღმოსაფხვრელად, ამ Mazda-ს მფლობელს ძალოვანი აგრეგატის შეცვლის იდეა გაუჩნდა. დონორი ავტომობილი მეოთხე თაობის Camaro იყო, რომლის ძრავაც 305-325 ცხენის ძალასა და 470 ნიუტონ მეტრს ქარხნულად გამოიმუშავებდა. ასეთი სიმძლავრის MX5-ში თავმოყრა სერიოზული განაცხადი გახლდათ. თუმცა, მფლობელს სხვა, უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა.
Miata-ზე შეიცვალა გადაცემათა კოლოფიც. ამერიკული V8 Tremec T5 5-სიჩქარიან კოლოფთან დააწყვილეს. ტრანსმისია სიჩქარეს, თვითბლოკირებადი დიფერენციალის დახმარებით, უკანა ბორბლებზე ანაწილებს. შეიცვალა დაკიდების სისტემაც. გაუმჯობესდა მუხრუჭები. რაც ყველაზე მთავარია ძრავას მოდიფიცირება ჩაუტარდა. ის არაქარხნული მანაწილებელი ლილვით, ნაწრთობი მაერთებელი კოჭებით, LS6-ის ცილინდრის თავებითა და 2.5-დუიმიანი გამშვები სისტემით გააძლიერეს. ამის შედეგი კი ისაა, რომ მანქანა საოცრად სწრაფია. გადაადგილებისას კი შეუდარებლად ჟღერს.
მალე კი ვიღაც იღბლიანს ხელში ეს "რაკეტა" ჩაუვარდება, რომელიც მას უდიდეს სიამოვნებას საიმედოდ და დიდხანს მიაწოდებს.