ეს 100 000$-იანი კომპრესორიანი Golf-ი 71-დან ერთ-ერთია
თანამედროვე Volkswagen Golf R-ი ავტომობილია, რომელიც დახვეულ გზებს, ცუდი ამინდის პირობებში, „სუპერქარივით“ სწრაფად ფარავს. ამას კი ისე აკეთებს, რომ ყურადღებას საერთოდ არ იქცევს. ასეთი ხასიათის გამო კი ბევრი მოყვარულის სიმპათია დაიმსახურა.
სპორტული ფესვები მის სტილშიცაა. ის სტანდარტული Golf-ისგან ვიზუალურადაც გამოირჩევა, სრულად ამძრავია და R-ის წარწერები აქვს. პირველი Golf R32 2000-იანი წლების დასაწყისში ვიხილეთ.
თუმცა, R32-ის გამოსვლამდე 10 წლით ადრე კიდევ ერთი ცხელი Golf-ი არსებობდა, რომელიც იგივე რეცეპტით იყო დამზადებული. ავტომობილი ასევე შეუმჩნეველი რჩებოდა და გიჟური წარმადობა ჰქონდა. ამ სტატიაში სწორედ ამ ავტომობილზე ვისაუბრებთ, რომლის შესახებაც, მაღალი ალბათობით, არასდროს გსმენიათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ Golf G60 Limited-ი მხოლოდ 71 ეგზემპლარად არსებობს. მოდელი VW Motorsport-მა შექმნა.
1980-იანი წლების ბოლოს Golf-ის შემადგენლობაში ყველაზე მძლავრი ვერსია 110-ცხენისძალიანი 8-სარქვლიანი GTI გახლდათ. შემდეგ კომპანიამ 16-სარქვლიანი და 137 ცხენისძალიანი GTI გამოუშვა, რომელიც იმავე აგრეგატს იყენებდა, მაგრამ 4-სარქვლიანი ბლოკი ჰქონდა. Volkswagen-ი იმ პერიოდში 8-სარქვლეიან ძრავას კომპრესორითაც უშვებდა, რომელიც 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. შემდეგ ის Corrado კუპეში, Golf G60-ში და ოთხკუთხა Golf Rallye-შიც განათავსეს. ეს უკანასკნელი კი Lancia Delta Integrale-ს კონკურენტად, WRC-თვის შექმნეს.
კუთხოვანი ფორმების მქონე Rallye ისე გამოიყურებოდა (ქვემოთ პირველივე სურათი), რომ ის Golf-ის საუკეთესო ვერსია უნდა ყოფილიყო. თუ ამ მანქანას G60 Limited-ის გვერდით დააყენებდით. მისი განიერი ფრთები, ფორმები და გამოხედვა თქვენზე აუცილებლად იმოქმედებდა და G60-ს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობდით. თუმცა, მხოლოდ G60 Limited-მა მიიღო საოცნებო კომბინაციის ძრავა. GTI-ის 16-სარქვლიანი, ორმაგი აირგამანაწილებელი ლილვით აღჭურვილი ძრავა კომპრესორიანი 8-სარქვლიანი აგრეგატის მსგავსი სიფიცხით გამოირჩეოდა. ჯამში კი 207 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს ქარხნულ GTI-ზე თითქმის ორჯერ დიდი რაოდენობა იყო.
მაბრუნი მომენტი 252 ნიუტონ მეტრი გახლდათ, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალურად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ მწარმოებელმა სიმძლავრე ოთხივე საბურავზე გადაანაწილა. ამ ფუნქციას Gold Syncro-ს კოლოფი ასრულებდა. ამ ყველაფრის შედეგი ის იყო, რომ მანქანა 0-დან 100-მდე 6 წამში ჩქარდებოდა.
მანქანის ვიზუალი მოკრძალებულად გააუმჯობესეს. ცხაურაზე წითელი კონტური ლურჯით ჩაანაცვლეს, თაღები უმნიშვნელოდ გააგანიერეს, 15-იანი BBS RM-ი დააყენეს და კორპუსზე წარწერები დაიტანეს.
დღეს ეს მანქანები საკმაოდ იშვიათია. სულ 71 ეგზემპლარი გამოვიდა. ამ მანქანის მსურველებს ძალზედ გაუმართლათ, რადგან მე-16 მოდელი, 108 900კმ-იანი გარბენით, ხელმისაწვდომია და 98 000$-ად იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფასად ბევრ სწრაფ ავტომობილს შეიძენთ, G60 Limited-ი მომავალში უფრო დაფასდება.