ეს 1998 წლის Subaru Impreza 22B STi სუპერქარის ფასად იყიდება
Subaru-ს ვერც ერთი მოდელი ვერ იქნება ისეთი საკულტო, როგორიც სურათებზე ნაჩვენები 1998 წლის Impreza 22B STi-ა. აგვისტოში კი ამ მოდელის მსურველებს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ეგზემპლარის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
ეს Impreza 22B STi ახლა Silvestone Auction-ზე გასაყიდადაა განთავსებული. წინასწარი შეფასებებით მანქანა 120 000-140 000$-ად უნდა გაიყიდოს. ეს კი Impreza-ს შესაძენად დიდი ფულია. თუმცა, ყველა, ვისაც საკმარისი ცოდნა აქვს იტყვის, რომ 22B STi ჩვეულებრივი Impreza-სგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა.
იაპონურმა ბრენდმა ეს მანქანა 40-წლიანი იუბილესთვის და WRC-ში მესამე ჩემპიონობის მოპოვების აღსანიშნავად შექმნა. სულ 425 ეგზემპლარი გამოვიდა. აქედან 400 იაპონურმა ბაზარმა მიიღო.
ამ Impreza 22B STi-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. მხოლოდ ის ვიცით, რომ მის ოდომეტრზე 58 000კმ-ია გამოსახული და 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა.
22B STi მწარმოებელმა ცნობილ ლურჯ ფერში შეღება. კაპოტი აქ ალუმინისაა და ჭრილი სტანდარტულზე დიდი აქვს. უფრო განიერია ფრთებიც, ხოლო უკანა ფრთა რეგულირებადია. მანქანა BBS-ის 17-იან ოქროსფერ დისკებზე დგას, რაც კორპუსის ფერზე იდეალურად მიდის.
ინტერიერს შავი და ლურჯი ფერის აქცენტები გამოარჩევს, რომელიც სავარძელზეც და კარის პანელებზეც არის დატანილი. მძღოლი მანქანას STi-ის სამქიმიანი საჭით მართავს. წითელი აქცენტებითაა დამშვენებული სიჩქარის კონუსიც.
22B STi-ის 2.2-ლიტრიანი ტურბინიანი ოპოზიტური ძრავა აქვს, რომელიც 6000 ბრუნზე 280 ცხენის ძალასა და 363 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აგრეგატი 5-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი კი საკმარისია იმისთვის, რომ ამ მოდელის სპორტულად მოხმარებამ დაუვიწყარი სიამოვნება მოგანიჭოთ.
თუმცა, 120 000-140 000$ ძალზედ დიდი თანხაა. შეიძენდით ამ მოდელს ამ ფასად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.