Dodge, Challenger
Aa
Aa

Dodge-ი V8 ძრავებს Demon-ზე სწრაფი Challenger-ის შექმნით დაემშვიდობება

Dodge-ი ამჟამად „მოძველებული“ Challenger-ისა და Charger-ის ჩანაცვლებაზე მუშაობს. ეს ერთადერთი ცუდი ამბავი არ არის. ლეგენდარული მოდელები ელექტრომობილებით შეიცვლება. თუმცა, კომპანიას Challenger-თვის განსაკუთრებული გეგმები აქვს. Dodge-ი კუდს ბოლოჯერ მოიქნევს და შიგაწვის ძრავით განსაკუთრებულ მოდელს შექმნის. Mopar Insiders-ის ცნობით, ავტომწარმოებელი Hellcat-ზე დაფუძნებულ მოდელზე მუშაობს, რომელიც E85 საწვავზე Demon-ზე უკეთეს შედეგს დადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა ის რეალობას საერთოდ არაა მოკლებული. Challenger-ი და მათი მოყვარულები ასეთ პატივს იმსახურებენ. Dodge-ის ლეგენდარული მოდელის თანამედროვე ვერსია პირველად 2008 წელს გამოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია, Hellcat-ი, 2014-ში ვიხილეთ. ყველაზე სწრაფი Challenger-ის სტატუსი კი 2018 წელს Demon-მა მოიპოვა. ხოლო ახლა, ვერსია, რომელიც მოდელს გააცილებს 2023 წელს გამოვა და წარმოების საბოლოო წელი იქნება.


მოხსენებაში ინფორმაცია დეტალური არ არის, თუმცა ვიგებთ, რომ საბოლოო ვერსიაში 6.2-ლიტრიანი V8 ეთანოლზე უფრო მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასეთი ტიპის საწვავი დრაგის რბოლებში და სპორტულ ავტომობილებში ფართოდ გამოიყენება. მისი დახმარებით Koenigsegg-ი და SSC-ი ძრავის სიმძლავრეს ზრდიან. ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით ეს დიდ განსხვავებას გვაძლევს. საწვავის ოქტანობა, რომელიც Challenger-ის ყველაზე სწრაფ მოდელში გამოიყენება 100-ს აჭარბებს. ასე მანქანა თავის სრულ შესაძლებლობებს ბოლომდე იყენებს.

100+ ოქტანიან საწვავზე Challenger SRT Demon-ი 840 ცხენის ძალასა და 1 044 ნმ-ს გამოიმუშავებს. რეგულარულ საწვავზე ეს მონაცემები 808 ცხენის ძალამდე და 917 ნმ-მდე ჩამოდის.

ელექტრომობილების მოყვარულ მკითხველებს გეტყვით, რომ Dodge-ი აგვისტოში მიჩიგანის ღონისძიებაზე სამ ელექტრო მოდელს წარადგენს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ნამდვილს „პეტროლჰედებს“ კი უბრალოდ ვუსამძიმრებთ.

მსგავსი სიახლეები