Aa Aa
18 ივლისი 2022  |  09:57

Alpine A310 უსამართლოდ დავიწყებული სპორტული ავტომობილია

ალბათ, როდესაც Alpine-ი გესმით, პირველ რიგში A110 გახსენდებათ. ეს კომპანიის ყველაზე სახელგანთქმული მოდელია. თუმცა, 1960-70-იან წლების A110 კომპანიის ერთადერთი სპორტული მანქანა არაა, რომელზეც უნდა ვსაუბრობდეთ. შესაძლოა GTA-ის და A610-ის შესახებაც გსმენიათ რამე. ეს მანქანა 80-90-იან წლებში Porsche 911-ის კონკურენტი იყო. ამ ორ ავტომობილის შორის კი A310-ი გამოვიდა, რომელიც ბრწყინავდა.

ამ ავტომობილის დებიუტი 1971 წლის ჟენევის ავტოჩვენებაზე შედგა. ეს ის ღონისძიებაა, სადაც მსოფლიომ Lamborghini Counach LP500-ის პროტოტიპი გაიცნო. სამწუხაროდ, A310 შეუმჩნეველი დარჩა. ამას კომპანიის გადაწყვეტილებებმაც შეუწყო ხელი. 1973 წელს Monte Carlo Rally-ზე, ახალი A310-ის ნაცვლად, ისევ A110 მოამზადეს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას WRC-ის კიდევ ერთი ჩემპიონობა მოჰყვა.



A310-ის მიმზიდველი სტილი და დიდი მაშუქები 1970-იანი წლების მოდას იდეალურად შეეფერებოდა. ეს ყველაფერი არ იყო. ულამაზესი ვიზუალი მართვის საოცარ სიამოვნებასთან იყო შეზავებული. მოდელი თავისი წინაპრის შასისა და ძრავის სამაგრებს იყენებდა, მაგრამ კორპუსი მინაბოჭკოსგან ჰქონდა დამზადებული.

სამწუხაროდ, პირველი გამოშვების მოდელები, რომელთა ფასიც Porsche 911-ის ფასთან ახლოს იყო, სისწრაფით ვერ დაიკვეხნიდა. მისი 1.6-ლიტრიანი ძრავა 126 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მიუხედავად ამისა, კარგი აეროდინამიკის ხარჯზე მანქანას 206 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო. 0-დან 100-მდე აჩქარებას კი 8 წამში ახერხებდა.



ავტომობილი იდეალური 1976 წელს გახდა. კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ მათ ავტომობილს 911-თვის სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია. რობერტ ოპრონი, ფრანგი დიზაინერი, რომელმაც Citroen GS-ი, SM-ი და CX-ი შექმნა, მანქანის გასაუმჯობესებლად დაიქირავეს. მან ავტომობილში 2.7-ლიტრიანი PRV V6-ის ჩადგმა გადაწყვიტა. პროექტი Peugeot-თან თანამშრომლობით შედგა.

შედეგად, სიმძლავრე 148 ცხენის ძალამდე გაიზარდა. უკეთესი შედეგი ჰქონდა მაბრუნ მომენტს, რომელიც 70ნმ-ით მეტი გახლდათ. 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7 წამამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 217კმ/სთ-მდე გაიზარდა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ავტომობილს 911-თვის კონკურენცია გაეწია.



ამ ცვლილებების შემდეგ A310-ის გაყიდვებიც გაიზარდა. თუმცა, ეს მოდელი დღეს მაინც იშვიათია. ეგზემპლარი, რომელსაც სურათებზე უყურებთ, 2004 წელს გერმანიაში, ერთ-ერთ ფარდულში აღმოაჩინეს. მანქანას ბრიტანეთში ძირფესვიანი მოდიფიცირება ჩაუტარდა. Alpine Owners Club-ის ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში სულ 20 ასეთი მანქანაა შემორჩენილი.

თავისი სტილით, ხასიათითა და მონაცემებით Alpine A310 თავისი პერიოდის 911-ს არაფრით ჩამოუვარდება. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ A310 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ავტომობილია.

გაზიარება: