Porsche, 928, Strosek
Aa
Aa

Strosek-ის მიერ მოდიფიცირებული Porsche 928 დედამიწაზე ერთადერთია

მეორადი ავტომობილების ბაზარზე Porsche-ს ენთუზიასტებისთვის საინტერესო მოდელი გამოჩნდა. სურათებზე 1977 წლის Porsche 928-ს ხედავთ, რომელიც საკმაოდ ექსკლუზიური გახლავთ.

ვინც არ იცით გეტყვით, რომ Strosek Auto Design-მა სახელი 911-ის მოდიფიცირებით გაითქვა. რამდენიმე ათწლეულის წინ კომპანიამ 928-ს გაუმჯობესებაც გადაწყვიტა. სამწუხაროდ, გაურკვეველია 928-ის რამდენმა ეგზემპლარმა მიიღო Strosek-ის ფორმა, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ასეთი მახასიათებლების მქონე 928 მსოფლიოში ერთადერთია.



მუქ ლურჯში შეღებილი კლასიკური გერმანული ავტომობილი Strosek-ის  დიზაინერული დეტალებით არის დამშვენებული. ეს წინა და უკანა ბორბლის თაღების უფრო მეტად გამოკვეთავს, რაც ფორმაშეცვლილ კარებს და დამატებით ჭრილებსაც გულისხმობს. გარდა ამისა, უფრო დაბერილია ბამპერებიც.

ძველი სკოლის დიზაინს BBS-ის ასევე ძველი სკოლის დისკები აფორმებს. ეს დეტალი მანქანას საოცრად უხდება. Strosek-ის ფორმებშეცვლილი მოდელი სტანდარტულთან შედარებით ბევრად აგრესიულად გამოიყურება. შესაძლოა ეს ვერსია პურისტებისთვისაც მიმზიდველი იყოს.


სიახლეებია 928-ის ინტერიერშიც. ყავისფერი ტყავით კოკპიტი, კარის პანელები, ცენტრალური კონსოლი, სვეტები და ჭერიც არის გაფორმებული. უნიკალურად არის შესრულებული სავარძლების გაფორმებაც.

განცხადებაში აღნიშნული არ არის გაუმჯობესებულია თუ არა 928-ის 4.5-ლიტრიანი V8. თუმცა, აღწერიდან ვიგებთ, რომ მოდელს 159 000კმ აქვს გავლილი. 120 000კმ-ზე კი სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

რამდენად შეიძენდით ამ ავტომობილს? დაწერეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. 

მსგავსი სიახლეები