მისტიკური Lamborghini Huracan Sterrato ქუჩებში გამოჩნდა
Lamborghini Sterrato - სუპერქარი უგზოობისთვის...
Lamborghini შიგაწვისძრავიან ავტომობილებს ნელ-ნელა ემშვიდობება. 2023 წელს იტალიური ავტომწარმოებელი Aventador-ის შთამომავალს გამოუშვებს. ახალ მოდელს ისევ V12 ძრავა ექნება, თუმცა, ჰიბრიდული იქნება. ამასობაში 2022 წელს შიგაწვისძრავიანი ავტომობილებით ტკბობა ისევ შეგვიძლია. Huracan Tecnica უკვე ვიხილეთ. მომავალში კიდევ სამი მოდელი გამოვა.
ერთ-ერთი ამ სამიდან Sterrato-ა, რომლის კონცეპტიც 2019 წელს ვიხილეთ. პროტოტიპი მას შემდეგ რამდენჯერმე გამოჩნდა. თუმცა, რაღაც პერიოდი აღარ გვიხილავს და ვივარაუდეთ, რომ ეს პროექტი ჩავარდა. ახლა კი ის დაბრუნდა! Huracan Sterrato-ს პროტოტიპი ტესტირებების დროს Lamborghini-ს ქარხანასთან სანტაგატაში შენიშნეს.
Sterrato იტალიური სიტყვაა და ქართულად „ტალახიან გზას“ ნიშნავს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ Sterrato იქნება სუპერქარი უგზოობისთვის. მას უფრო მაღალი კლირენსი ექნება, ვიდრე Huracan-ს. თუმცა, უფრო დაბალი, ვიდრე Urus-ს.
სახურავზე რელსები და კაპოტზე LED სინათლეები აქვს. გარდა ამისა, სახურავზე ორმაგი შემშვები საჰაეროებია. დიდი ზომის დისკებს და უგზოობისთვის სახასიათო სქელ შეფუთვას ვერ ვხედავთ, თუმცა, ალბათ, წარმოებულ ვერსიაში ვიხილავთ. როგორც ყველა Huracan მოდელზე, რომლებიც 2019 წლის შემდეგ გამოვიდა, ამ ავტომობილსაც უკან მაყუჩის ორი მილი აქვს, რომლებიც სანომრე ნიშნის გვერდებზე მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, Sterrato-ს Huracan EVO-ს 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა ექნება, რომელიც 631 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Sterrato-ს შემთხვევაში 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ძალას ოთხივე თვალზე გაანაწილებს.
Huracan Sterrato-ს დებიუტი 2022 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა შედგეს. ის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოვა. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. უახლოეს თვეებში Porsche 911 Safari-ს გამოუშვებს. ვნახოთ, რომელი მათგანი დაიპყრობს ავტომოყვარულების გულებს.