ზედმეტად ძლიერი Brabus Bullit-ი
Brabus-ისგან წარმოუდგენლად გიჟურ მოდელებს და იდეებს ავტომოყვარულები უკვე დიდი ხანია შეჩვეულები ვართ. ეს კომპანია ყოველთვის ყველაზე ძლიერ Mercedes-ებს ქმნიდა და მათ სახელზე უამრავი პროექტია, რომლის სიგიჟეებს ანალოგი არ გააჩნია. Brabus-ის ისტორია და გამოცდილება დროში გასინჯულია და შესაბამისი ავტორიტეტითაც სარგებლობს. იგი მხოლოდ ავტომოყვარულებისგან შემდგარი გუნდა არაა, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და ხარისხიანი შედეგებით ყველას აოცებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალა და სისწრაფე ზედმეტი არასდროსაა, Brabus-ის არაერთ მოდელს გადაჭარბებული ძალის დემონსტრირება შეუძლია და ეს მოდელიც ამის ნათელი მაგალითია. Brabus-ებიდან ყველაზე პატარაა, თუმცა, მასში ყველაზე მძლავრი ძრავა დევს. მას სახელიც კი (Bullit) შიშის მომგვრელი აქვს. ამ მოდელის პირველი ვერსია 4-კარიანი სედანი იყო, რომელსაც 730 ცხენის ძალა ჰქონდა, ხოლო ჩვენი დღევანდელი გმირი კი შესაძლებლობების მწვერვალი იყო. მას 12-ცილინდრიანი და 6.3-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 800 ცხენის ძალასა და წარმოუდგენელ 1420 ნიუტონს გამოიმუშავებდა. მაბრუნი მომენტის მაჩვენებელი იმდენად ზედმეტი გამოვიდა, რომ კომპანიამ ის ელექტრო შემზღუდველით 1 100-მდე დაწია, რადგან სამი პრობლემა ერთად იყრიდა თავს: საფართან მოჭიდება, საბურავების არანორმრალური ცვეთა და გადაცემათა კოლოფის სიცოცხლისუნარიანობა. ავტომობილი 100-მდე 3.7 წამში ჩქარდებოდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები იუწყებოდნენ, გადამეტებეული ძალის გამო ავტომობილი ძალიან ბევრს ბუქსაობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აჩქარების დრო კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა. Bullit-ის მაქსიმალური სიჩქარე კი 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის დახმარებით 370 კმ/სთ-ს აღწევდა და ისიც ელექტრონული შემზღუდველით იყო დარეგულირებული.
აეროდინამიკულ მილში გასინჯვის შემდეგ, მასზე რამდენიმე ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი კარბონის სპოილერი დამონტაჟდა. მისი სამუხრუჭე სისტემა ისეთივე დიადი იყო, როგორც მისი სიჩქარის მაჩვენებლები. წინ 380 მმ-იანი სამუხრუჭე დისკები და 12-დგუშიანი სუპორტები ძალზედ ეფექტური გამოვიდა. სამუხრუჭე სისტემა იმდენად დიდი იყო, რომ ავტომობილი 20-იანი დისკებით აღჭურვეს, რაც მართვის უნარებსაც აუმჯობესებდა.
Brabus Bullit-ის ინტერიერი ტრადიციულ სპორტულ-მდიდრულ ელემენტებს შეიცავდა. მასში კარბონის, ალკანტარას და ტყავის დეტალებსაც შეხვდებოდით. მაჩვენებელთა დაფას კი 400 კმ/სთ-ის ნიშნული ამშვენებდა.
ავტომობილის წონა 1700 კილოგრამს შეადგენდა და ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ მონაცემების მქონე C Class-ი, აქსელელატორზე ფეხის ერთი შეხებით რაოდენ დაუმორჩილებელ მონსტრად გადაიქცეოდა. გამორთული ESP-ის სისტემით ბუქსაობა მანამდე შეეძლო, სანამ სატერფულიდან ფეხს არ აიღებდით.