Aa Aa
20 ივლისი 2022  |  09:28

ეს Pontiac Solstice GXP-ის კუპე Ferrari F40-ზე იშვიათი ავტომობილია

Pontiac Solstice-ი ამერიკული სპორტული ავტომობილია, რომელსაც სტილი და დიზაინი გამოარჩევს. ეს მოდელი საქართველოში არც ისე პოპულარულია, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გექნებათ შემჩნეული. აშშ-ში Solstice-ი იშვიათ მოდელად არ ითვლება, თუმცა, მის GXP-ი ვერსიას ხშირად შტატებშიც ვერ გადააწყდებით.

Pontiac-მა Solstice-ი 2004 წელს, Mazda Miata-ს კონკურენტად გამოუშვა. თავდაპირველად, მოდელის შეძენა მხოლოდ „როდსტერ“ ვერსიად შეიძლებოდა, რომელსაც 2.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა და 180 ცხენის ძალა ჰქონდა. 2006 წლის იანვარში კი უფრო სპორტული ვერსიის გამოშვება გადაწყვდა. ასე ადა ამგვარად, GXP-ი ვიხილეთ. მოდელს 2.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა 2-ლიტრიანი ტურბინიანი აგრეგატით ჩაუნაცვლეს.



ტურბოდაბერვის წყალობით ის 260 ცხენის ძალასა და 353 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა, რაც სტანდარტულ „როდსტერთან“ შედარებით დიდი ნახტომი იყო. ეს ყველაფერი არ არის. დილერები ძრავის კომპიუტერს ცვლიდნენ, რითაც სიმძლავრე 290 ცხენის ძალამდე და 461 ნიუტონ მეტრამდე იზრდებოდა. ასეთი GXP-ები 0-დან 100-მდე 5.6 წამში ჩქარდებოდა. საბაზისო მოდელთან შედარებით, ეს 1.1 წამით უფრო ნაკლები დრო იყო. Solstice-ი კონკურენტებზე მძლავრიც გახლდათ და თავისი მონაცემებით Porsche Boxster-საც სწვდებოდა.

Pontiac-ი Miata-ს დაჩაგვრით არ დაკმაყოფილდა. კომპანიამ 2008 წელს Solstice Coupe გამოუშვა. მოდელს ზუსტად იგივე ძალოვანი აგრეგატი ჰქონდა, როგორც GXP-ს. კუპეს „ფასთბექის“ სტილის კუდი და მოხსნადი სახურავი ჰქონდა. სამწუხაროდ, GM-მა ავტომობილში სახურავის ადგილი ვერ შემოგვთავაზა, რაც მფლობელებისთვის არაკომფორტული იყო.




2009 წლის აპრილში GM-მა გამოაცხადა, რომ Pontiac-ი ფინანსური პრობლემების გამო წარმოებას წყვეტდა. შედეგად, Solstice-ის გამომშვები ქარხანა დაიხურა. ჯამში სულ 66 000 ეგზემპლარი შეიქმნა. აქედან მხოლოდ 1 266 იყო კუპე. ეს ნიშნავს, რომ Targa-ს ტიპის GXP-ი დღეს Ferrari F40-ზე უფრო იშვიათია. ეს უკანასკნელი 1 311 ეგზემპლარად არსებობს.

ასეთი იშვიათობის გამო დღეს GXP-ი კუპეს სანაცვლოდ მფლობელები დიდ თანხებს ითხოვენ. გასულ წელს მოდელი, რომლის ოდომეტრზეც მხოლოდ 192 მილი (300კმ) იყო გამოსახული 86 500$-ად გაიყიდა. ახლა კი სურათზე ნაჩვენები ავტომობილი, 26 000-მილიანი გარბენით, აუქციონზე გადის. მსურველებს კი მისი ყიდვა შეუძლიათ.

გაზიარება: