BMW, საჭე
Aa
Aa

დიდ ბრიტანეთში BMW მძღოლებს სავარძლების გათბობის გამოწერას თხოვს

დიდ ბრიტანეთში BMW კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც წინა სავარძლების გათბობის გამოწერაში მფლობელებს თვეში £15-ის გადახდა მოუწევთ.

საჭის გათბობის გააქტიურება თვეში £10 ღირს.

BMW-ს თქმით, ამ სისტემის გააქტიურება სურვილის შემთხვევაში ერთჯერადად არის შესაძლებელი. ეს ფუნქციები BMW-ს ConnectedDrive ონლაინ მაღაზიის საშუალებით აქტიურდება. დილერთან ვიზიტი საჭირო არ არის.

ავტომწარმოებელმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ „თუ კლიენტი ავტომობილის შეკვეთისას ConnectedDrive მაღაზიაში ამ ფუნქციასაც იყიდის, შემდგომ გამოწერებში თანხის გადახდა საჭირო აღარ არის“.

გამოწერის შესაძლებლობა ხელს მათ აძლევს, ვინც ავტომობილის შეძენის შემდეგ გადაიფიქრებს და ამ ფუნქციებს მოისურვებს.

კომპანიის თქმით, ეს მეორადი ავტომობილების მფლობელებისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ისინი იმ ფუნქციების დამატებასაც შეძლებენ, რომლებიც ავტომობილის წინა მფლობელმა არ ისურვა.

მოხმარების ულიმიტო პაკეტის შეძენაც შესაძლებელია. £200-ად მძღოლები საჭეზე ხელებს ნებისმიერ დროს გაითბობენ.

ამ ამბავს ტრადიციულ და სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

The Verge წერს: „სავარძლების გათბობის შემთხვევაში, BMW-ს ავტომობილები საჭირო სისტემით აღჭურვილია. უბრალოდ ის პროგრამულად დაბლოკილია და კლიენტებს თანხის გადახდა უწევთ იმისთვის, რომ ბლოკი მოხსნან“.

The Register-ი წერს, რომ ეს იგივეა, რაც „იყიდო ჭიქა და ხელის მოსაკიდებლის ქირაობა გიწევდეს“.

Twitter-ს მომხმარებლების აზრით კი „გამოწერას არავინ აპირებს და, როცა ავტომობილს ფლობ, ფლობ ყველაფერს, რაც შიგნითაა“.

მსგავსი სიახლეები