Aa Aa
15 ივლისი 2022  |  09:30

გინესის მსოფლიო რეკორდი - 272კმ/სთ მთის ველოსიპედზე

თანამედროვე სპორტული ავტომობილებით გზატკეცილებზე 272კმ/სთ-ის განვითარება რთული ამოცანა არ არის. თუმცა, ამ სიჩქარით ველოსიპედის მოძრაობას რთულად თუ წარმოვიდგენთ. თუმცა, ელიას შვარცლერმა ეს მოახერხა და ახლა ის გინესის მსოფლიო რეკორდსმენია. მან მოტოციკლის დახმარებით ველოსიპედზე ყველაზე მაღალი სიჩქარე დააფიქსირა.

ავსტიელმა სამთო ველოსპორტსმენმა რეკორდი 22 მაისს, Lausitzring-ის ტრეკზე დაამყარა. მას გერი გესბაუერი დაეხმარა, რომელიც Honda CBR1000RR-R Fireblade SP მოტოციკლს მართავდა. მიზანი 300კმ/სთ-ის გადალახვა იყო, მაგრამ გუნდმა 272კმ/სთ-ის განვითარება მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიზნამდე ცოტა დააკლდათ წინა რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

ეს ველოსიპედი Scott-ის ფირმის გახლავთ. ის საგზაო ტიპის ველოსიპედი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ამ ორბორბლიან ტრანსპორტს ვიწრო საბურავები და აეროდინამიკური ფორმები არ აქვს. ის მთის ველორბოლებში გამოიყენება. Scott Gambler-ი შექმნილია იმისთვის, რომ მთის უსწორმასწორო მონაკვეთები სწრაფად დაფაროთ. ამაში ჩარჩოს გეომეტრია, განიერი საჭე და წინა და უკანა ამორტიზატორები გერმარებათ. მცოდნე ველომოყვრულებს გეტყვით იმასაც, რომ რეკორდის დასამყარებლად დისკებზე Continental Race King-ის საბურავები იყო გადაკრული.

ველოსიპედი მოტოციკლზე ელასტიკური ღვედით იყო გამობმული. მძლავრი აჩქარების შემდეგ, მოსახვევამდე, მოტოციკლისტმა ღვედი ჩახსნა, რათა უჩვეულოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ველოსიპედი დროულად შენელებულიყო.

272კმ/სთ-ის ველოსიპედით განვითარება ძალზედ სახიფათო გახლავთ. ელიასი დამცავ აღჭურვილობას ატარებდა. თუმცა, ეს ყველაფერი ველოსიპედისტს ასეთ მაღალ სიჩქარეზე გარანტირებულად ვერ დაიცავდა.

იმისათვის, რომ მიხვდეთ, თუ რამდენად მაღალ სიჩქარეზე გვაქვს საუბარი გეტყვით, რომ 1992 წლის Dodge Viper SRT/10, თავისი მასიური 10 ცილინდრით, მაქსიმუმ 270კმ/სთ-ს ავითარებდა.

გაზიარება: