BMW-ს ახალი Twin Turbo V8 ჰიბრიდული ძრავა 640 ცხენის ძალას გამოიმუშავებს
როგორც მოგეხსენებათ, ძრავა (ან ელექტრო აგრეგატი) ავტომობილის გულია. BMW-ს ძრავები ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ საუკეთესოა. ამ ბრენდის მიერ შექმნილ სპორტულ აგრეგატებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ახლახან BMW M-მა ჰიბრიდული V8 ძრავა შექმნა, რომელიც LMDh-ის გამძლეობის რბოლისთვისაა განკუთვნილი. მისი დასახელებაა - P66/3.
4-ლიტრიანი ორტურბინიანი V8 ძრავის ცილინდრები 90-გრადუსიანი დაშორებისაა. მისი რეგულირებული სიმძლავრე 640 ცხენის ძალა და 650 ნიუტონ მეტრია. მაქსიმალური ბრუნი კი 8 200-ს შეადგენს.
ეს აგრეგატი P66/1-ზეა დაფუძნებული. ამ ძრავით 2017-2018 წლების M4 DTM სარბოლო ავტომობილი იყო აღჭურვილი. ინჟინერთა გუნდმა ამ აგრეგატს ტურბინა დაუმატა, რის შემდეგაც დასახელება - P66/2-ით შეიცვალა. ახლა კი P66/3 შექმნეს, რომელიც ჰიბრიდულ სისტემასთან არის დაკავშირებული.
ელექტრო აგრეგატის შესახებ BMW-ში ბევრ დეტალებს არ ასაჯაროებენ. თუმცა, ვიცით, რომ ის ძრავისგან, უკუგარდამქმნელისგან და ბატარეებისგან შედგება. ჰიბრიდულ და შიგაწვის ძრავებს შორის არსებული განცალკევებული ქურო საშუალებას იძლევა, რომ მანქანა მხოლოდ ელექტრო ძრავითაც გადაადგილდეს. ეს ძალოვანი აგრეგატი BMW M Hybrid V8-ში (სურათი მაღლა) განთავსდება.
თავის მხრივ, BMW M Hybrid V8-ს დებიუტი Rolex 24-ზე შედგება. ღონისძიება 2023 წლის 28-29 იანვარს უნდა ჩატარდეს. BMW-ს თავის კლასში საკმაოდ სერიოზული მეტოქეები ჰყავს. შეჯიბრში მონაწილეობას Acura, Cadillac-ი და Porsche-ც მიიღებს. ამავე ბრძოლაში, მაღალი ალბათობით, შესაძლოა ჩაერთოს Ferrari-ც.