„ერთად მე და ჰამილტონიც ვიცინოდით, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ასახავს“, - ნიკო როზბერგი
2016 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნიკო როზბერგი მიიჩნევს, რომ შარლ ლეკლერსა და მაქს ფერსტაპენის ურთიერთობა შესაძლოა გართულდეს.
„ევროსპორტთან“ ინტერვიუში ნიკო როზბერგმა რამდენიმე საინტერესო დეტალზე ისაუბრა. მათ შორის, მის და ჰამილტონის ურთიერთობაზე.
- სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ უყურებს ჩემპიონობის ოთხი პრეტენდენტი (ლეკლერი, ფერსტაპენი, საინსი და პერესი) ტელეფონში ვიდეოს და იცინის. მაქს ფესტაპენი სილვერსტოუნის გრან პრის შემდეგ ლეკლერს ამშვიდებდა. გიკვირთ, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა აქვთ?
- ისინი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და ერთმანეთის ნიჭს აფასებენ. არ ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები საერთო სურათს ასახავს. შეგიძლიათ იპოვოთ ფოტო, რომელშიც მე და ლუისი ერთად ვიცინით.
საერთო ჯამში დაპირისპირება დაძაბულია. მაშინაც კი, როცა შარლი საგრძნობლად ჩამორჩება და მაქსისთვის საფრთეს არ წარმოადგენს. უცნაურია, მაგრამ მათ შორის ჯერ გაცხარებული ბრძოლა და საკამათო სიტუაციები არ ყოფილა. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, როდის შეიცვლება ეს (იცინის).
- თქვენ ლუის ჰამილტონთან ურთიერთობა ახსენეთ. 2008 წელს ავსტრალიის გრან პრიზე ერთად მოხვდით პოდიუმზე და ერთმანეთს ეხუტებოდით. მელბურნ 2008-დან აბუ დაბი 2016-მდე რა მომენტში გაფუჭდა თქვენი ურთიერთობა?
- როცა ტიტულისთვის ბრძოლა დავიწყეთ. ასე ხდება ყოველთვის. გამარჯვებისთვის ყველა რბოლაში იბრძვი, ჩემპიონობისთვის იბრძვი და მეგობრობა უკვე აღარ გამოდის.
- გახდა რომელიმე რბოლა კატალიზატორი?
- არა. ყველაფერი ეტაპობრივად ვითარდებოდა. როცა სასწორზე ტიტული დევს თამაშის დრო აღარაა. ზღვარზე გავლა გიწევს და გამარჯვებისთვის ისეთ ზონაში შედიხარ, რომელშიც სწორის და არასწორის გარჩევა რთულია.
- მომხდარს რა დონეზე ნანობთ?
- საერთოდ არ ვნანობ. შესანიშნავი დრო და დიდებული ბრძოლა იყო, რომლითაც ძალიან ვამაყობ. შემდეგ ჩვენ ნეიტრალურ ურთიერთობას დავუბრუნდით. ყველაფერი ნორმალურადაა. სახალისოა, რომ ჩვენ ისევ კონკურენტები ვართ Extreme E-ში (როგორც გუნდის მფლობელები). სეზონის ბოლოს ერთნაირი ქულები დავაგროვეთ. თუმცა, ჩვენ მეტი გამარჯვება გვქონდა.
თანაც ჩვენ ერთმანეთის გეგმების შესახებ არც ვიცოდით. გუნდებს ცალ-ცალკე, პარალელურად ვავითარებდით და მონაწილეობის შესახებაც რამდენიმე კვირის შუალედით განვაცხადეთ. მაგარია.