Aa Aa
25 ივლისი 2022  |  10:03

ეს Alpina B3 Touring-ი 89 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია

მათთვის, ვისაც უნიკალური უნივერსალის ფლობა სურს, რომელსაც წარმადობა, მდიდრულობა და დახვეწილი ვიზუალი ექნება ეს 1996 წლის Alpina B3 3.2 Touring-ი იდეალური ავტომობილია.

ეს უიშვიათესი B3 Touring-ი 1996-99 წლებში გამოშვებული 89 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. ის 23-ე ავტომობილია და 1996 წელს იაპონური ბაზრისთვის გამოვიდა. მიუხედავად ამისა, ავტომობილი მარჯვენასაჭიანი არ არის. ამ მანქანის გასაყიდი განცხადება Cars & Bids-ის აუქციონზეა განთავსებული. ეს B3 Touring-ი ახლა აშშ-შია, სადაც ის 2021 წელს იქნა იმპორტირებული.



B3 Touring-ის შექმნისას Alpina-მ E36 თაობის სტანდარტული 328i Touring-ი აიღო და ის განსაკუთრებული ნაწილებით აღჭურვა. მაგალითისთვის, შეიცვალა ძრავა. ამ მოდელის კაპოტის ქვეშ 3.2-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი აგრეგატია. გაუმჯობესდა დიფერენციალი. დაკიდების სისტემა Bilstein-ის ხისტი ამორტიზატორებით მოდიფიცირდა. ვიზუალურად კი მანქანა 17-იანი ალუმინის დისკებით, უნიკალური წინა ტუჩითა და Alpina-ს საკულტო გრაფიკული გამოსახულებით დაამშვენეს.

ახალი შემშვები და გამშვები სისტემის დახმარებით მანქანის სიმძლავრე 265 ცხენის ძალასა და 330 ნმ-ით არის განსაზღვრული. ამ ძალის უკანა ღერძზე განაწილების პასუხისმგებლობას 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი იღებს.



სტანდარტულ 328i-თან შედარებით განსხვავებულია ინტერიერიც. გაუმჯობესებულია ხმის სისტემა. 3-ქიმიან საჭეზე, სავარძლებზე და ხალიჩებზე Alpina-ს გაფორმებებია. ცენტრალური კონსოლი კი ხის გაფორმებითაა დამშვენებული. ტრადიციულად, განსხვავებული ფერისაა მაჩვენებელთა დაფაც, რომლის ოდომეტრიც 167 000კმ-ს აჩვენებს.

ამდენი წლის გასვლისა და განვლილი მანძილის შემდეგ მოდელს ხმარების მცირე კვალი ეტყობა. კორპუსზე მოხვედრილი კენჭების კვალი აღინიშნება, ხოლო დისკები რამდენიმე ადგილას დახაზულია. მცირედი ცვეთა ეტყობა საჭესაც.

სტატიის წერის მომენტში ავტომობილის ფასი 24 000$-ია. აუქციონის დასრულებამდე კი 6 დღეა დარჩენილი.

რა ფასად შეიძენდით ამ ავტომობილს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: