Battista, Pininfarina
Aa
Aa

Pininfarina Battista-ს ელექტრო სუპერქარი 1 874 ცხენის ძალით გამოვა

Pininfarina Battista-მ წარმოებამდე უდიდესი გზა განვლო. ახლახან კი პირველი მფლობელისთვის შექმნილი მოდელი სათაო ოფისიდან გამოაგორა. სრული მიწოდება კი მსოფლიოს მასშტაბით ზაფხულის ბოლოს დაიწყება.

ელექტრო ჰიპერქარის პროტოტიპი პირველად 2019 წლის ჟენევის საერთაშორისო ავტოჩვენებაზე ვიხილეთ. მას შემდეგ მოდელს უამრავი ტესტირება ჩაუტარდა, რათა მაქსიმალურად დახვეწილიყო.




Pininfarina-ს ჯამში სულ 150 ეგზემპლარის შექმნის გეგმა აქვს. აქედან 5 Battista Anniversario ვერსია იქნება. განსხვავებული მოდელი სახელგანთქმული დიზაინერის, ბატისტა ფარინას საპატივცემულოდ გამოვა.

Battista-მ ძალოვანი აგრეგატი Rimac Nevera-სგან მიიღო. ეს ოთხ ელექტრო ძრავასა და 120-კვტ.სთ-იან ბატარეას გულისხმობს. სიმძლავრე 1 874 ცხენის ძალასა და 2 340 ნიუტონ მეტრს შეადგენს. იტალიურ სუპერქარს 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება 2 წამზე ნაკლებ დროში შეეძლება. 402 მეტრს კი 9 წამზე ნაკლებ დროში დაფარავს. შთამბეჭდავი მონაცემებია, არა?





Battista ტრეკზეც საოცარი სამართავი იქნება. ის უახლესი და საუკეთესო დაკიდების სისტემით არის აღჭურვილი. მძღოლის განკარგულებაში სვლის ხუთი რეჟიმი იქნება, რომელიც კომფორტისთვის, სპორტული მართვისა და სვლის მარაგის გაზრდისთვის ოპტიმალურ კონფიგურაციებს შეიმუშავებს.

ამ მოდელის პერსონალიზაცია იმდენად ფართოა, რომ ორი მოდელიც კი არ იქნება ერთმანეთის მსგავსი. თითოეული ეგზემპლარის შესაქმნელად 10 ინჟინერი 10 კვირის განმავლობაში იმუშავებს.



Battista თავისი ექსკლუზიურობითა და ინოვაციური ტექნოლოგიით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჰიპერქარად მოგვევლინება. სწორედ ამიტომ მისი ფასი 2.2 მილიონი დოლარი იქნება. მის შეძენას მსურველები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში არსებულ 25 სადილეროში შეძლებენ. 

როგორ ფიქრობთ, ღირს  Battista ეს ფასი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები