Honda, Civic, Type R
Aa
Aa

2023 წლის Honda Civic Type R-ი აქაა - მეტი სიმძლავრე და მექანიკური კოლოფი

სურათებზე 2023 წლის Civic Type R-ს ხედავთ და ის ყველაზე მძლავრი R მოდელია, რომელიც Honda-ს ოდესმე შეუქმნია. მოყვარულებისთვის კი ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვან ავტომობილად ითვლება.

Civic-ის პირველი Type R-ი 1997 წელს გამოსულ მეექვსე თაობაზე ვიხილეთ. ახლა კი მეთერთმეტე თაობის ფლაგმანური სპორტული მოდელი გამოვიდა, რომელიც წინამორბედის ფორმით მოგვევლინა. ეს ნიშნავს, რომ Civic-ის ყველაზე ცხელი მოდელი ჰეჩბეკია.


ახალი მოდელის განვითარების საწყის ფაზებზე უამრავი ჭორი არსებობდა. ამბობდნენ, რომ მანქანას სრული ამძრავი სისტემა ან ჰიბრიდული აგრეგატი ექნებოდა. ზოგის აზრით, კოლოფს ორმაგი ქურთი იქნებოდა წარმოდგენილი. თუმცა, რეალურად მანქანა მარტივ, ნაცნობ ფორმაში გამოჩნდა. ახალი Civic Type R-ი ისეთი კონფიგურაციისაა, რომ მოდელი ყველა ენთუზიასტს მოეწონოს.

მეტი სიმძლავრე, მაგრამ იგივე ფილოსოფია

Honda K20 2.0-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავისა და ექვს სიჩქარიანი კოლოფის ერთგული დარჩა. 2023 წლის R-ის განვითარება ტოლობას მეტ სიმძლავრეზე სვამს. შეგახსენებთ, რომ წინამორბედ მოდელს 306 ცხენის ძალა და 400 ნმ ჰქონდა. ახალი Type R-ის ტექნიკურ დეტალებზე მწარმოებელი ჯერ დაწვრილებით არ საუბრობს. რამდენ ცხენის ძალასაც არ უნდა გამოიმუშავებდეს ის, დანამდვილებით ვიცით, რომ ახალი ცხელი ჰეჩბეკი სიმძლავრეს წინა ბორბალზე მექანიკური თვითბლოკირებადი კოლოფით გაანაწილებს.

Honda-ში ამბობენ, რომ ახალი მოდელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა იქნება ტრეკისთვის, რაც ოდესმე შეუქმნიათ. რამდენიმე თვის წინ ამ ავტომობილმა Suzuka Circuit-ის სარბოლო წრეზე წინაწამყვანი ავტომობილების რეკორდი დაამყარა.



სპორტულობის აპოგეაა სალონიც. კოკპიტის ცენტრში უზარმაზარი მონიტორია, რომელიც წარმადობასთან დაკავშირებით მძღოლს უამრავ ინფორმაციას აწვდის. თავად მძღოლი და მის გვერდის მჯდომი მგზავრი კი ნახევრად ანატომურ სავარძლებზე ისხდებიან, რომლებიც მჭიდრო მოსახვევებში მათ ადგილზე დაიჭერს.

ძველებური და სპორტული ვიზუალი აქვს მეტალის გაპრიალებულ სიჩქარის ბერკეტს. მაჩვენებელთა დაფა კი სრულად ციფრულია, ხოლო გამოსახულება ნათელი.

უფრო მსუბუქი და ხისტი

ახალი Civic Type R-ზე საუბრისას მწარმოებელი „სიმსუბუქესა“ და „სიხისტეს“ ხშირად იყენებს. მართვის მგრძნობელობა გაზრდილია, რასაც დაკიდებისა და საჭის გაუმჯობესებული სისტემა უზრუნველყოფს.

სურათებში Brembo-ს სამუხრუჭე სისტემაც ჩანს, რომელიც უზარმაზარ სამუხრუჭე დისკზე დგას. შეცვლილია დისკის ზომაც. წინა მოდელი 20-იან დისკებზე იდგა, ახალ Type R-ში დიამეტრი 19 დუიმამდე შემცირდა. ახალ მსუბუქ დისკებზე Michelin Pilot Sport 4S-ია გადაკრული, რაც მანევრულობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

დაკუნთული სტილი, თუმცა თავმდაბალი ვიზუალი

მიუხედავად იმისა, რომ დისკების დიამეტრი ერთი დუიმით შემცირდა, ბორბლის თაღები მაინც იდეალურადაა შევსებული. ძველი ვერსიის მსგავსად გვაქვს ყალბი სავენტილაციო არხები არ გვაქვს, ხოლო უზარმაზარი „სპოილერი“ ადგილზეა. საოცრად სპორტული დიფუზორის ცენტრში განთავსებულია სამი მაყუჩიც.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ახალი Type R-ი დიზაინერულად უფრო დახვეწილია, ვიდრე მისი წინამორბედი. მოდელი სპორტულადაც გამოიყურება და ვულგარულიც არაა. 2023 წლის Type R-ი Rally Red, Racing Blue Pearl, Crystal Black Pear, Sonic Grey Pearl-სა და Championship Whte-ში იქნება შეღებილი.


ავტომობილის ზუსტ ფასს 2022 წლის შემოდგომაზე გავიგებთ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ 2023 წლის Civic Type R-ის საწყისი ფასი 40 000$ იქნება. ეს კი იაპონელს 44 000$-იან Volkswagen Golf R-ზე ხელმისაწვდომს ხდის.

როგორ შეაფასებდით ახალ Type R-ს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები