Aa Aa
24 ივლისი 2022  |  10:50

იღბლიანი მოტოციკლისტი სიკვდილს ჩაფხუტმა გადაარჩინა

მოტოციკლისტი წამებში ავტობუსის ბორბლის ქვეშ აღმოჩნდა.

ბრაზილიაში მოტოციკლისტმა სიკვდილს ჩახედა თვალებში. ის ისე წაიქცა, რომ თავით ავტობუსის ბორბლის ქვეშ მოექცა. საბედნიეროდ, ეს ადამიანი ჩაფხუტს ატარებდა, რამაც ის სიკვდილს გადაარჩინა. ქვემოთ მიბმული ვიდეო კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად საჭიროა მოტოციკლისტებისთვის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და აღჭურვილობის ტარება. ამ შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ავტობუსის მძღოლის რეფლექსებსაც.

ეს ინციდენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერი Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ მოტოციკლს ავარიული მუხრუჭისას არ გაუმართლა და მანევრის განხორციელებისას მოცურდა. ის მწვანე ავტობუსთან შეჯახების თავის არიდებას ცდილობდა. რაც შემდეგ მოხდა ერთდროულად საშიში სანახავიცაა და გაკვეთილის სწავლაც შეიძლება.

მოტოციკლიდან გადმოვარდნის შემდეგ კაცი ინერციით ავტობუსის ბორბლისკენ გადავარდა. თავით ის მოძრავი ავტობუსის ბორბალს დაეჯახა, რამაც საპირისპირო მიმართულებით ასფალტზე გაასრიალა. გამოვიდა ისე, რომ მოტოციკლისტს თავი ბორბლის ქვეშ მოჰყვა. რომ არა ჩაფხუტი, მაღალი ალბათობით, ეს ადამიანი შემთხვევას შეეწირებოდა. აღსანიშნია ავტობუსის მძღოლის რეფლექსები, რომელმაც უკანა სარკეში დროულად გაიხედა, მუხრუჭი იხმარა, შემდეგ კი მანქანა უკან დინჯად დაძრა.

ინციდენტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, რომლებიც წამებში დაზარალებულთან მივიდნენ. მალევე მოტოციკლისტმა ხელ-ფეხის და თავის მოძრაობა დაიწყო. რამდენიმე წუთში კი ის წამოაყენეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ჩვენს მკითხველს, რომლებიც გადასაადგილებლად ორბობლიან ტრანსპორტს იყენებენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ დამცავი აღჭურვილობა გამოიყენონ. ეს ყველა აქსესუარი იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. ეს ვიდეო კი ყველასთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.

გაზიარება: