ჰამილტონმა თავის ყველაზე ძლიერ მეტოქედ ფერნანდო ალონსო დაასახელა
მესამასე რბოლამდე ლუისმა თავის კარიერაში ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა.
საფრანგეთის გრან პრი სერ ლუის ჰამილტონისთვის მესამასე იქნება. ამ მნიშვნელოვან მომენტამდე ლუის ჰამილტონმა კარიერაში ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა: Alpine-ს პილოტი ფერნანდო ალონსო. ბრიტანელის დებიუტი ფორმულა 1-ში 2007 წელს McLaren-ის გუნდში შედგა. მაშინ მისი გუნდელი უკვე 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსო იყო, რომელიც ტიტულის დაცვას ცდილობდა.
Spygate-ის ცნობილი სკანდალის გამო, მაშინ McLaren-ს გუნდს კონსტრუქტორთა თასში ყველა ქულა ჩამოართვეს. ფერნანდო ალონსომ და ლუის ჰამილტონმა 109-109 ქულა მოაგროვეს. კიმი რაიკონენმა McLaren-ის პილოტებს მხოლოდ 1 ქულით აჯობა.
„ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იყო ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე, რადგან ყველა გუნდელთან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვიყავი.
მახსოვს ფერნანდოსთან ერთად ყოფნის გამოცდილება, როცა 22 წლის ვიყავი.
მენტალურად და ნიჭის მხრივ კარგად ვიყავი. მაგრამ ფერნანდოს მსგავსი დიდებული პილოტის მეტოქეობა დიდი წნეხი იყო. ფერნანდოს ვიტყოდი.
კარგი ბრძოლები გვქონდა. კარგი იქნებოდა, მეტი გვქონოდა. საბედნიეროდ რბოლას ორივე ვაგრძელებთ და დრო ჯერ კიდევ გვაქვს“.
2007 წლის უნგრეთის გრან პრიზე ალონსომ ჰამილტონი McLaren-ის პიტებში დაბლოკა. გუნდის ხელმძღვანელმა რონ დენისმა უპირატესობა ჰამილტონს მიანიჭა. ალონსო ამით უკმაყოფილო დარჩა და სეზონის ბოლოს Renault-ში გადავიდა.
ალონსოს ნაცვლად გუნდში ჰეიკი კოვალაინენი მოვიდა. ლუისმა 2008 წელს თავისი პირველი ტიტული მოიგო. მას შემდეგ მისი მეტოქეები ჯენსონ ბატონი, ნიკო როზბერგი და ვალტერი ბოტასი იყვნენ. ამჯერად მისი გუნდელი ახალგაზრდა ჯორჯ რასელია.
საინტერესოა, რომ ჰამილტონმა თავის ყველაზე ძლიერ კონკურენტად ნიკო როზბერგი არ დაასახელა, რომელმაც მას ტიტულისთვის ბრძოლა მოუგო. როზბერგი ავტოსპორტში მისი პირველი ნაბიჯებიდან ბრიტანელის მთავარი კონკურენტი იყო.