BMW, Kia, წარმოება, Hyundai, ქარხანა, ჩინეთი
Aa
Aa

ყველაზე დიდი საავტომობილო ქარხნები მსოფლიოში

თანამედროვე ავტოინდუსტრია ძალზედ კომპლექსური სფეროა. ეს პანდემიამაც დაადასტურა. მიწოდების ჯაჭვის არევისა და ჩიპების დამზადების შეფერხების გამო მთელი ინდუსტრია თავდაყირა დადგა. მანქანების წარმოების ტემპმა ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას ვერ უპასუხა. ამის გამო რიგ ქვეყნებში ავტოპარკი დაძველდა. ხალხი მეორეული ავტომობილების ბაზარზე არჩევდა მანქანებს, სადაც გაზრდილი მოთხოვნის გამო მეორეული მანქანების ფასიც გაიზარდა.

ამ სტატიით კი გვსურს ავტოინდუსტრიაში 10 ყველაზე დიდ საწარმოზე მოგიყვეთ. ამ სტატიის გაცნობის შემდეგ ზუსტად მიხვდებით რა მასშტაბებს მოიცავს მსოფლიო წამყვანი ბრენდების წარმოების ხაზები. თუმცა, პანდემიის გამო 2019 წლის მონაცემებით უნდა ვისარგებლოთ. 2020, 2021 და 2022 იმდენად რთული წლები გახლდათ, რომ გამოსადეგი მონაცემების მოძიება შეუძლებელია.

BMW: სპარტანბურგი, აშშ - 411 000

CrystalAuto-ს აქტიურ მკითხველებს ეცოდინებათ, რომ BMW თავის X მოდელების უმეტესობას სწორედ სპარტანბურგის ქარხანაში, სამხრეთ კაროლინაში ქმნის. ეს X3-ის, X4-ის, X5-ის, X6-სა და X7-ის სახლია.

ქარხანა 1994 წელს გაიხსნა. BMW-ს ამ საწარმოდან უკვე 4.8 მილიონი ავტომობილი ჰყავს გამოგორებული. სპარტანბურგში 11 000 ადამიანია დასაქმებული. მათ მიერ შექმნილი მანქანები 125 ქვეყანაში გადის. 2021 წელს BMW-მ ექსპორტისთვის 257 000 მოდელი გამოუშვა. ყველაზე დიდი წილი - 24.1% - ჩინეთის ბაზრისთვის იყო შექმნილი.

Tesla: ფრემონტი, აშშ - 490 000

Tesla-ს ფრემონტის ქარხანაში 10 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ საწარმოს დატვირთვა წელიწადში 490 000 ავტომობილია. ქარხნის ტერიტორია 150 ჰექტარზეა გადაჭიმული. ამ საწარმოო ხაზმა პირველი Model S-ი 2012 წელს გამოუშვა.

Tesla-ს ფრემონტის ქარხნის სახურავი „სქაილაით“ სახურავითაა გადახურული, რაც მომუშავეებს დღის განათებაზე მუშაობის საშუალებას აძლევს. კომპანია დაქირავებულების კვებაზეც ზრუნავს.

საინტერესო ისაა, რომ Tesla-მ ეს ქარხანა 2010 წელს Toyota-სგან შეიძინა. იქამდე Toyota და GM-ი ამ ქარხანაში მანქანებს ერთობლივად, პარტნიორული ხელშეკრულებით ქმნიდნენ.

Ford: კანზასი, აშშ - 500 365

Ford-ის კანზასში არსებული ქარხანა მისურის შტატში მდებარეობს. ეს ის საწარმოა, სადაც Ford-ი F-150-ებს აწყობს. შეგახსენებთ, რომ პიკაპის ეს მოდელი აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მოდელია.

Tesla-ს ქარხნისგან განსხვავებით ამ საწარმოში უფრო ნაკლები ადამიანი მუშაობს, თუმცა ის უფრო დიდ ტერიტორიაზე არის გადაჭიმული. Ford-ის კანზასის ქარხანა 503 ჰექტარს მოიცავს. 1956 წლის შემდეგ ქარხნის მასშტაბი ორჯერ გაიზარდა. 1951 წლამდე კი ამ ტერიტორიაზე სამხედრო ავტომობილები იქმნებოდა.

Ford F-150-ის გარდა დღეს მწარმოებელი ამ საწარმოში, ადგილობრივი ბაზრისთვის, Ford Transit-საც უშვებს.

Toyota: კენტაკი, აშშ - 550 000

Toyota Motor Manufacturing Kentucky (TMMK) Toyota-ს პორტფოლიოში ყველაზე დიდი საწარმოა. გარდა ამისა, ეს პირველი ქარხანაა, რომელსაც იაპონური კომპანია აშშ-ში სრულად ფლობს.

საწარმომ მუშაობა 1988 წელს Camry-ის გამოშვებით დაიწყო. მოდელმა შტატებში იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ მას შემდეგ კომპანიას ამ საწარმოს ოპერირების პოლიტიკა არ შეუცვლია.

TMMK-ი Camry-სთან ერთად, RAV4-სა და Lexus ES-ს აწყობს. საწარმოში, 526 ჰექტარ ტერიტორიაზე, 10 000 ადამიანია დასაქმებული.

Mazda: ჰიროსიმა, იაპონია - 569 000



ქალაქში, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი ჩამოაგდეს, Mazda-ს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანა აქვს. საწარმო წელიწადში 569 000 ავტომობილს უშვებს. ეს ის კედლებია, სადაც CX-3, CX-5, CX8, CX9 და ყველასთვის საყვარელი MX-5 იქმნება.

ქარხნის სახურავი მზის ბატარეებით მთლიანად არის დაფარული. სისტემა ჯამში 1.1 მეგავატს გამოიმუშავებს, რაც საწარმოს ფუნქციონირებისთვის სავსებით საკმარისია. კომპანიამ ქარხნის ტერიტორიაზე MX-30-ის დამმუხტველი ინფრასტრუქტურაც მოაწყო.

Mazda-ს ჰიროსიმას საწარმო 55.1 ჰექტარზეა მოწყობილი.

Kia: სამხრეთ კორეა - 620 000



Kia-ს Autoland Gwangju ქარხანა სამხრეთ კორეაში მდებარეობს. აქ ისეთები მოდელები იწყობა, როგორიც Carens-ი, Soul-ი და Sportage-ია. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოსაწარმოა.

სრული დატვირთვისას ეს ქარხანა წელიწადში 620 000 მანქანას უშვებს. ეს ნიშნავს, რომ საწარმოო ხაზიდან ყოველ 51 წამში ერთი მანქანა გამოდის. აღსანიშნია, რომ ავტომობილის ყველა დეტალი იქვე იწარმოება და არაფერი შედის მზად. ეს როგორც ძრავას და ელექტროობას, ისე ავტომობილის კორპუსისა და შასის დამზადებას გულისხმობს.

Nissan: Smyrma, აშშ - 640 000

Nissan-ის Smyrma ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა აშშ-ში. მის კედლებში ყოველწლიურად 640 000 ავტომობილი იქმნება. ქარხანა 357 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ Nissan-ი ისეთ მნიშვნელოვან მოდელებს ქმნის, როგორიც, მაგალითად, Leaf-ია. ავტომობილი ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვის გამოდის.

Smyrma-ს ქარხანაში 6 700 ადამიანია დასაქმებული. ეს საწარმო 1983 წლიდან ფუნქციონირებს. Datsun-მა წარმოება აქ პიკაპებით დაიწყო.

Renault: AvtoVaz, რუსეთი - 650 000



მოსკოვიდან 1 000 კილომეტრით აღმოსავლეთით, ვოლგას მდინარესთან, Togliatti-ის ქარხანა მდებარეობს. ის 1966 წელს ააშენეს. ამ ქარხანას წლის განმავლობაში კი 650 000 ავტომობილი ტოვებს. სამუშაოს კი 35 000 ადამიანი ასრულებს.

საწარმოს ტერიტორიაზე Renault-თან ერთად Lada-ს მოდელებიც გამოდის. Avtovaz-ის უმსხვილესი აქციონერი სწორედ Renault-ი გახლდათ, თუმცა, აგრესორი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფრანგულმა ბრენდმა თავისი წილის გაყიდვა გადაწყვიტა.

Volkswagen: გერმანია - 815 000



იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რა მასშტაბებისაა VW-ს ვოლფსბურგის ქარხანა გეტყვით, რომ ნაწილების გადასატანად ტერიტორიაზე 58 კმ-იანი რელსებია მოწყობილი, რომელზეც ექვსი ლოკომოტივი დადის. ეს უზარმაზარი დაწესებულებაა, სადაც 60 000 ადამიანია დასაქმებული. შედარებისთვის, ეს მთლიან მონაკოზე დიდი რაოდენობაა.

Golf-თან ერთად ქარხანაში Tiguan-ი და Touran-ი იწყობა. გარდა ამისა, ამ ქარხნიდან გამოდის SEAT Tarraco-ს. ეს საწარმო 1938 წელს აშენდა. დღეს კი მისი წლიური დატვირთა 815 000 მანქანას შეადგენს.

Kia: იანჩენგი, ჩინეთი - 890 000



ეს ქარხანა Kia-ს, Dongfeng Motor Corporation-სა და Yueda Group-ს აერთიანებს. ეს ორი მწარმოებელი ჩინური გახლავთ. ერთად კი ეს კომპანიები წლის განმავლობაში 890 000 ავტომობილს აწარმოებენ. ასეთი მაჩვენებლით ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა. მისი ტერიტორია 330 ჰექტარზეა გადაჭიმული.

იანჩენგის ქარხანა 2002 წელს აშენდა. მის კედლებში Kia-ს ისეთი მოდელები იწყობა, როგორიც Sportage-ი, Rio და KX7-ა. Kia-ს ჩინეთში სამი ქარხანა აქვს.

Hyundai: ულსანი, სამხრეთ კორეა - 1.53 მილიონი



Hyundai-ს ულსანის ქარხანა მსოფლიოში ყველაზე დიდი საავტომობილო საწარმოა. პიკური დატვირთვისას აქ 1.53 მილიონი ავტომობილი იქმნება. ულსანი იმდენად დიდია, რომ ის ხუთ ინდივიდუალურ ქარხანას აერთიანებს. ძრავები, ტრანსმისიები და მანქანის ჩონჩხები სხვადასხვა შენობებში იწყობა.

წარმოება იმდენად ფართოა, რომ ქარხანაში 14 სხვადასხვა მოდელი იქმნება. კომპანია ქარხნის კარიდან ყოველ 10 წამში ახალ ავტომობილს უშვებს. 34 000 ადამიანი მუშაობს იმისთვის, რათა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში კომპანიის ისეთი მოდელები მიაწოდონ, როგორიც Santa Fe, i30, i40, Kona და Ioniq 5 EV-ია.

 

მსგავსი სიახლეები