Aa
Aa

VW Phaeton-ის მემკვიდრე, რომელიც არასდროს გამოსულა

2000-იან წლებში Volkswagen-მა პრემიუმ კლასის სედანის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც Mercedes S-Class-ისა და BMW 7 Series-ის კონკურენტი უნდა ყოფილიყო. ასე და ამგვარად, საავტომობილო სამყარომ Phaeton-ი იხილა. მანქანა საკმაოდ კარგი გამოვიდა, თუმცა, გაყიდვები ჩავარდა. ხალხს 100 000$-ის VW-ში გადახდა არ სურდა, რაშიც ვერავის გავამტყუნებთ. ამ ფასად Audi A8-ს ამ Bentley Flying Spur-ის შეძენა შეიძლებოდა.

ამის შემდეგ VW-მ Phaeton-ის ხაზის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა და მეორე თაობის მოდელის კონცეპტი გამოაგორა. ავტომობილს წარმოებაში ჩაშვებამდე ძალზედ ცოტა დააკლდა. ახალი თაობის მანქანით კი ყველა შოკირებული დარჩა. დღეს კი შესაძლებლობა გვაქვს გაჩვენოთ ის, რისი ნახვის შესაძლებლობაც ბევრს არ მისცემია.


პირველი რამაც გაგვაოცა ის იყო, რომ Phaeton-ის მეორე თაობის კონცეპტი 2014 წელსაა შექმნილი. გაოცების მიზეზი კი ავტომობილის ვიზუალია. ვერავინ იფიქრებს, რომ ეს 8 წლის წინანდელი დიზაინია. სტილით ის Audi A8-საც მოგაგონებთ. ეს უსაფუძვლო არ იქნება, რადგან ამ ორ მანქანას ერთი და იგივე პლატფორმა აქვს. კიდევ ერთი, რაც Phaeton-ს A8-თან აქვს საერთო W12 ძრავაა.

მსგავსებები გრძელდება ინტერიერშიც. მაჩვენებელთა დაფა და მულტიმედიის სისტემა Audi-ს ხედვას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა Volkswagen-ია, ეს არ ნიშნავს რომ ავტომობილს ყველა საჭირო მდიდრული მოწყობილობა არ აქვს. მაგალითისთვის რამდენიმეს ჩამოგითვლით. ავტომობილს თვითდახურვადი მექანიზმის მქონე კარები, კორპუსის რხევის კამერით კონტროლირებადი სისტემა და ელექტრონულად დაბურვადი შუშები აქვს. უკანა რიგში მსხდომ მგზავრებს სავარძლებისა და სხვადასხვა ფუნქციების კონტროლი ე.წ. ტაბლეტის მეშვეობით შეუძლიათ.


ინტერიერი უმაღლესი ხარისხის ტყავით, ხით და მეტალითაა შესრულებული. პლასტმასს ავტომობილში თითქმის ვერ ნახავთ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს Phaeton-ი A8-ზე უფრო მდიდრული, კლასიკური და დახვეწილი დიზაინისაა. თავისი ხარისხითა და სტილით ეს ავტომობილი Bentley-ს დონეზეა.

სავარაუდოდ, მეორე თაობის Phaeton-იც პირველი თაობის ბედს გაიზიარებდა. ამის თქმის საშუალებას კი ბოლო წლებში მდიდრული კლასის სედანების გაყიდვების შემცირება გვაძლევს.

თქვენ როგორ მოიქცეოდით? შეიძენდით მეორე თაობის Phaeton-ს ახალი Bentley-ს ფასად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები