ავსტრალიის ეპიზოდში Top Gear-მა ყვითელი Bentley სერიოზულად დააზიანა
Top Gear-ი, შემდგომ კი Grand Tour-ი, ავტომოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი გადაცემაა. ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი მსოფლიოში საუკეთესო ავტოჟურნალისტები არიან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ ავტომობილები სიგიჟემდე მიყვარს და ახლა თქვენთვის ამ სტატიას ვწერ.
Top Gear-ის ერთგულ მაყურებლებს, მაღალი ალბათობით, ავსტრალიის ცნობილი ეპიზოდი ემახსოვრებათ. ეს 22-ე სეზონის მეორე გადაცემა გახლდათ. ტრიოს მიზანი იყო დაედგინათ, თუ რამდენად გამძლე იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მდიდრული და სპორტული ავტომობილები ავსტრალიის მსგავს მტვრიან გარემოში. ჯერემი კლარკსონი ამ შეკრებაზე BMW M6 Gran Coupe-თი გამოჩნდა. ჯეიმს მეიმ არჩევანი Nissan GT-R-ზე შეაჩერა. რიჩარდ ჰამონდმა კი საკრუიზო ავტომობილად Bentley Continental V8S-ი აარჩია. შოუს ბოლოს წამყვანებმა გვითხრეს, რომ სამივე ავტომობილი უბრალოდ დასვრილი იყო და მათ პრობლემები არ შექმნიათ.
თუმცა, ყველაფერს ასე მარტივად არ ჩაუვლია. ინტერნეტსივრცეში ახლა სურათები გავრცელდა, რომელშიც Top Gear-ის Bentley ჩანს. ეს სურათები მაშინაა გადაღებული, როდესაც ეპიზოდის გადაღებები სრულდებოდა. მანქანა სახელოსნოშია გაჩერებული და ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშია.
ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ავსტრალიის მტვერმა მანქანას სერიოზული ზიანი მიაყენა. სავარაუდოდ, პრობლემა ძრავას შეექმნა. აშკარაა, რომ ჰაერის ფილტრები ისე არ იყო შექმნილი, რომ ექსტრემალურ პირობებში საიმედო ყოფილიყო. გარდა ამისა, ავტომობილის ექსტრემალურმა მოხმარებამ დააზიანა საღებავიც. აშკარაა, რომ ეს Bentley შესაღებადაა გამზადებული.
საინტერესოა რა ბედი ეწია ჯეიმსის და ჯერემის ავტომობილებს. თუმცა, თუ „ბენტლი“ ასე დაზიანდა, მაღალი ალბათობით, GT-R-იც და M6-იც არანაკლებ მდგომარეობაში იქნება. თავისუფლად შეიძლება იმის ფიქრიც, რომ გადაღებების დროს ავტომობილებიც შეცვალეს. ვისაც ეპიზოდი ნანახი გექნებათ, კარგად გეცოდინებათ თუ როგორ მოიხმარდნენ წამყვანები ამ მოდელებს.
როგორ ფიქრობთ, შეცვალა თუ არა ავტომობილები Top Gear-მა გადაღების პროცესში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.