BMW M Hybrid V8 2024 წელს ლე მანის 24 საათში მიიღებს მონაწილეობას
BMW M Motorsport-ი გამძლეობის ჩემპიონატს უბრუნდება.
BMW M Motorsport-ი ავტოსპორტს 2023 წელს დაუბრუნდება. ჩრდილოეთ ამერიკის IMSA WeatherTech SportsCar ჩემპიონატზე M Hybrid V8-ით გამოჩნდება. M დივიზიის ხელმძღვანელმა ფრანცისკუს ვან მეელმა დაადასტურა, რომ ეს ავტომობილი 2024 წელს გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოჩნდება. ეს ლე მანის 24 საათში მონაწილეობას გულისხმობს.
ამ განცხადებასთან ერთად BMW-მ სურათებიც გამოაქვეყნა, რომლებიც Dallara-ს ტრასაზეა გადაღებული. ამ ტრასაზე M Hybrid V8 ბოლო ტესტირებებს გადიოდა. 2023 წლის იანვრამდე, სანამ დაიტონაში რბოლა დაიწყება, კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მანამდე ევროპაში კიდევ რამდენიმე ტესტი დარჩა ჩასატარებელი.
M Hybrid V8-ს ძალიან ფართო ცხაურა აქვს. ავტომობილის P66/3 ძრავა სათავეს DTM-იდან იღებს. ნაწილობრივ, ეს ატმოსფერული P66/1 ძრავაა, რომლითაც M4 DTM 2017-2018 წლის სეზონებში მონაწილეობდა. 4.0-ლიტრიან ძრავას ორი ტურბოკომპრესორი დაემატა. წუთში 8 200 ბრუნს აღწევს. 640 ცხენის ძალასა და 650 ნმ-ს გამოიმუშავებს.
ამ ავტომობილს რთულ კონკურენციაში მოუწევს ყოფნა. მას ისეთი მეტოქეები ეყოლება, როგორებიცაა Porsche 963, Acura ARX-06 და Cadillac Grand Touring Prototype Hypercar-ი.
ამ სარბოლო ავტომობილის შექმნა M დივიზიის 50-ე იუბილეს დაამთხვიეს. 2022 წელს მათ M4 GT4-ც შემოგვთავაზეს. ასევე M3 Touring-ი და M4 CSL. წლის ბოლოს 3.0CSL-სი თანამედროვე ვერსიასაც ვიხილავთ, რომელიც 1970-იანების სულით იქნება გაცოცხლებული.