BMW E61 M5-ის „გამექანიკება“ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა
BMW E60 M5 ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერსედანია. მისი უნივერსალი ვერსია, E61 M5 Touring-ი კი იშვიათი მოდელი გახლავთ. სედანი ვერსიისგან განსხვავებით, M5 Touring-ი მექანიკური კოლოფით არასდროს გამოშვებულა. ეს კი ის დეტალი იყო, რაც თითქმის იდეალურ მანქანას სრული იდეალურობისთვის აკლდა. სკეპტიკური მკითხველებისთვის დავამატებთ - სრულად იდეალურს იქამდე, სანამ დეტალები მწყობრიდან გამოსვლას არ დაიწყებს.
სწორედ ამ მიზეზით, Drivetribe-ის ბიჭებმა თავიანთი M5 Touring-ის „გამექანიკება“ გადაწყვიტეს. თუმცა, ეს მარტივი გასეირნება არ გახლავთ. ამ საქმისთვის ინჟინერთა გუნდმა ამერიკული E60 M5-ის მექანიკური კოლოფი გამოიყენეს, რომელიც E92 M3-დან იყო აღებული. ეს ორი ტრანსმისია თითქმის იდენტურია. განსხვავება მხოლოდ სიჩქარეთა თანაფარდობაშია.
ტრანსმისიის შეცვლას ელექტროობის გამოცვლაც მოჰყვა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კოლოფმა იმუშაოს. დამატებით შეიცვალა სტარტერიც. ასევე, Everything M3s-მა მოკლე გადაცემის დიფერენციალიც დააყენა რაც უკეთეს აჩქარებას იძლევა.
მსოფლიოში სულ Carbon Black-ში შეღებილი 20 M5 Touring-ი არსებობს. მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა მექანიკური კოლოფი. ახლა კი მეორე ეგზემპლარიც მიემატა. სამწუხაროდ, Drivetribe-ის გუნდმა შეცვლილი ტრანსმისიით მიღებული შთაბეჭდილებები არ გაგვიზიარა და მომავალი ვიდეოსთვის ინტრიგა დაგვიტოვა. თუმცა, 10-ცილინდრიანი, უკანაწამყვანი, 500-ცხენისძალიანი უნივერსალი მართვა საოცარი გამოცდილება უნდა იყოს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? დააფიქისირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.