16-ცილინდრიანი უჩვეულო Bentley
მე-20 საუკუნის ბოლოს, როდესაც „სუპერმანქანებს“ ძალიან რთული დრო დაუდგათ, გადარჩენისთვის მასიური წარმოებისთვის განკუთვნილ კომპანიებთან გაერთიანება ერთადერთი გზა იყო. ბრიტანული Bentley-იც ამ გზას დაადგა და იგი VW/AUDI-ის ოჯახის წევრი გახდა. აყვანილი შვილის ამპლუაში „ბენტლი“ არავის წარმოედგინა, თუმცა სხვა გზა აღარ იყო.
გერმანულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ Bentley-ის ისეთი ავტომობილების წარმოება უნდა შეეთავსებინა, რომელიც “სუპერქარების“ სამყაროში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. ეს იყო Bentley Hunaudieres-ის გამოჩენის მიზეზი.
იგი პირველად 1999 წელს ვიხილეთ და მისი იდეა ამ კომპანიის სამომავლო გეგმების კონცეფცია იყო. ავტომობილი ძალიან ეფექტური გამოვიდა. მისი ძარა ალუმინის და კარბონის დეტალებისან იყო შექმნილი. ინტერიერს რაც შეეხება, სპეციალური ტყავის დეტალებისგან იყო შემდგარი, როგორც ეს „ბენტლის“ სჩვევია. ავტომობილის ძრავა ძარის შუაში იყო განლაგებული, ამით შესაძლებელი გახდა წინა ნაწილის დადაბლება, რაც აეროდინამიკულ მაჩვენებლებს გააუმჯობესებდა. აღნიშნულ ავტომობილს არ ჰქონდა გვერდითა სარკეები, მის როლს წინა საბურავებთან დამონტაჟებული უკანა ხედვის კამერები ასრულებდა. ეს ყველაფერი აეროდინამიკის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, აგრეთვე მისი წინა მცირე ზომის მაშუქებიც იგივე დატვირთვის მატარებელი იყო.
Bentley-ის ძრავა ტრადიციულად დიდი მოცულობის და ძალზედ ძლიერი იყო. 16-ცილინდრიანი აგრეგატი 632 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და მისი მოცულობა 8 ლიტრს შეადგენდა. ძალის ასეთ დიდ მაჩვენებელს შესაბამისი მოჭიდება სჭირდებოდა, შესაბამისად, ავტომობილი 4x4-ზე იყო და მას 20-იანი საბურავები ეყენა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევდა. ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი მისი უდიდესი მაბრუნი მომენტი განაპირობებდა, რომელიც სულ რაღაც 4000 ბრუნზე 760 ნიუტონს უტოლდებოდა.
მომდევნო წლებში VW/AUDI-ის ხელმძღვანელობით შექმნილი Bugatti Veyron-ი ვიხილეთ, რომლის ჩასახვის იდეაც Bentley Hunaudieres-ს ეკუთვნის.