Ferrari-მ სტრატეგიული ომი წააგო: მაქსმა უნგრეთშიც გაიმარჯვა
2022 წლის მეცამეტე რბოლას უნგრეთმა უმასპინძლა. ჰუნგარორინგზე მოღრუბლულ ამინდში პილოტებმა 70 წრე გაიარეს. ფინიშის ხაზი პირველმა ისევ მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა და ამ სეზონში მისი მერვე გამარჯვება მოიპოვა, რამაც მას ტიტულისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო კომფორტული უპირატესობა მისცა.
Mercedes-ი დაბრუნდა?
შაბათის კვალიფიკაცია Mercedes-ის გულშემატკივრებისთვის იმედისმომცემი იყო. ყველასთვის მოულოდნელად, ჯორჯ რასელმა, მის კარიერაში პირველი პოლ პოზიცია მოიპოვა! ჰამილტონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.
კვირას რასელს კარგი სტარტი ჰქონდა. კარლოს საინსმა მისი გადასწრება ვერ შეძლო. თუმცა, აშკარა იყო, რომ ახალგაზრდა ბრიტანელი პილოტი ლიდერობის შენარჩუნებას დიდხანს ვერ შეძლებდა. მეთხუთმეტე წრისთვის რასელის რბილი საბურავები Ferrari-ს პილოტების გარდამავალი საბურავების წინააღმდეგ ცუდად გამოიყურებოდა. ორი წრის შემდეგ, მას ბოქსებში შესვლა მოუწია.
სტოპების მეორე რაუნდის შემდეგ, რბოლის ლიდერი ლუის ჰამილტონი იყო. ჰამილტონი და საინსი ტრასაზე ძველი საბურავებით დარჩნენ. რბოლის დასრულებამდე 17 წრით ადრე, ჰამილტონი რბილი საბურავებისთვის ბოქსებში შევიდა.
ჰამილტონმა რბილ საბურავებზე საინსს და რასელს გადაუსწრო და პოდიუმზე მეორე ადგილი დაიკავა. თავის მხრივ რასელმა მესამე ადგილი შეინარჩუნა და პოდიუმზე გუნდელის გვერდით აღმოჩნდა.
წინა რბოლის მსგავსად, ახლაც Mercedes-ის ორივე პილოტი პოდიუმზე ვიხილეთ. ნიშნავს ეს იმას, რომ Mercedes-ი დაბრუნდა? ამას უკვე სეზონის მეორე ნახევარი გვიჩვენებს.
Ferrari-მ კიდევ ერთი რბოლა ჩააგდო
უნგრეთის რბოლამდე მატია ბინოტომ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს, რატომაც Ferrari-ს ბოლო 10 რბოლა არ უნდა მოეგო. ეს საკმაოდ ამბიციური და ხმამაღალი განცხადება იყო, რომელსაც Ferrari-ს გულშემატკივრებიც კი სკეპტიკურად შეხვდნენ და, როგორც აღმოჩნდა, ამისთვის მიზეზიც ჰქონდათ. ჰუნგარორინგზე, სადაც გუნდების სწორი სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკუდერიამ სტრატეგიების ომი კიდევ ერთხელ წააგო და მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.
კვალიფიკაციის შემდეგ საინსი მეორე პოზიციაზე იდგა, ლეკლერი კი მესამეზე. სტარტზე საინსს რასელი ხელიდან დაუსხლტა. მე-16-ე წრეზე, ესპანელს ნელი სტოპი ჰქონდა: 3.7 წამი. 21-ე წრეზე ლეკლერმა გუნდელს „ოვერქათი“ გაუკეთა. ტრასაზე რასელის უკან და საინსის წინ დაბრუნდა.
31-ე წრეზე ლეკლერმა რასელს გადაუსწრო და ლიდერობას ინარჩუნებდა, სანამ რბოლის დასრულებამდე 30 წრით ადრე ბოქსებში არ შეიყვანეს. გუნდმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. ლეკლერის ბოლიდს ხისტი საბურავები დაუყენეს. ხისტმა საბურავებმა Alpine-ს პილოტების შემთხვევაში არ იმუშავა. ამინდის ცივ პირობებში ხისტი საბურავები სწორ ტემპერატურამდე გახურებას ვერ ასწრებდა. Red Bull-მა ამ შეცდომისთვის Ferrari დასაჯა. მაქსმა ლეკლერს გადაასწრო. სკუდერიამ 55-ზე წრეზე ლეკლერი ბოქსებში კიდევ ერთხელ შეიყვანა და ამჯერად რბილი საბურავებისთვის. შეცდომა გუნდს ძვირად დაუჯდა. ლეკლერმა რბოლა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. საინსი მეოთხეზე გავიდა.
„რთული დღე იყო. შესვენებამდე ისეთი რბოლა არ გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა, მაგრამ, ერთ თვეში ხელახლა დამუხტული დავბრუნდებით“, - ამბობს შარლ ლეკლერი.
მეათე ადგილიდან გამარჯვებამდე
მაქს ფერსტაპენმა უნგრეთის გრან პრი მეათე ადგილიდან დაიწყო. მან Alpine-ს პილოტები მალევე ჩამოიტოვა. Red Bull-ის სტრატეგიამ კარგად იმუშავა. Ferrari-ს შეცდომის შემდეგ, 45-ე წრეზე ფერსტაპენმა ლეკლერს გადაუსწრო.
თუმცა, რბოლას იდეალურად არც ნიდერლანდელისთვის ჩაუვლია. მისი ბოლიდი დაბზრიალდა. შეცდომა მაშინვე გამოასწორა, მაგრამ ლეკლერმა გადასწრება შეძლო. მიუხედავად ამისა, მონეგასკის ხისტი საბურავები ცუდად მუშაობდა. მაქსმა მისი გადასწრება ისევ შეძლო.
53-ე წრეზე ჰამილტონი ბოქსებში შევიდა და მაქსი რბოლის ლიდერი გახდა. ბოლო წრეზე წამოსულმა წვიმამ, მაქსს გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა.
„როგორი დღე იყო! გიჟური რბოლა იყო, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და მოვიგეთ! შესანიშნავი გრძნობაა.
ბოლიდი დიდებულად გამოიყურებოდა და გარემოებებს კარგად მოერგო. ჩვენმა სტრატეგიამ კარგად იმუშავა. გუნდმა დიდებულად იმუშავა“, - წერს მაქსი „ფეისბუკ“ პოსტში.
სხვა საინტერესო დეტალები
უნგრეთის რბოლის უქმეებამდე სებასტიან ფეტელმა Instagram-ი გააკეთა და მისი პირველი პოსტი ფორმულა 1-დან წასვლაზე გაცხადება იყო.
ყველაზე სწრაფი წრე ლუის ჰამილტონმა დააფიქსირა: 1:21.386
პოდიუმზე ასვლამდე ოთახში მაქსი, ჯორჯი და ლუისი რბოლის კადრებს უყურებდნენ. ლუისმა გაკვირვებულმა იკითხა: „Ferrari ხისტი საბურავებით იყო?“ „კი“, - ერთად უპასუხეს გაღიმებულმა რასელმა და ფერსტაპენმა.
შემდეგი რბოლა
უნგრეთის გრან პრი საზაფხულო შესვენებამდე ბოლო რბოლა იყო. შემდეგი რბოლა ბელგიაში 28 აგვისტოს გაიმართება. სეზონის განახლებამდე მაქს ჩემპიონატში 80-ქულიანი უპირატესობა აქვს. სკუდერია კი ხარებთან 97 ქულით აგებს.