Mercedes, Mansory, Maybach
Aa
Aa

Mansory-ის Mercedes-Maybach S-Class-ი მდიდრულობის მწვერვალს იპყრობს

Mansory-მ სახელი სპორტული ავტომობილების მოდიფიცირებით გაითქვა. ჩვენს პორტალზე ამ კომპანიის მიერ შექმნილ მოდელებზე არაერთხელ დაგვიწერია. ახლა კი ამ „ტუნინგ“ ატელიემ Mercedes-Maybach S-Class-ი ჩაიბარა. ალბათ, ყველა ელოდებოდა, რომ კომპანია რაღაც მხეცურს გამოაგორებდა, თუმცა, მათი მიდგომები საკმაოდ დახვეწილი და ნატიფი აღმოჩნდა.

ის, რაზეც Mansory-ის უარი არ უთქვამს, კარბონის გამოყენებაა. ცვლილებები სწორედ კარბონის დანამატებით იწყება. ამ მასალითაა დამზადებული წინა ბამპერის ტუჩი, ჰაერის არხები, ლარტყები, საბარგულის ფრთა, სახურავის ფრთა და დიფუზორი. დიახ, კარბონის დიფუზორი Maybach-ზე. ყველა ეს ნაწილი ამ ავტომობილის ხასიათს ამკაცრებს.


მსურველებს კომპანია ორი სხვადასხვა დიზაინის დისკს შესთავაზებს - წინ 22x9 და უკან 22x10.5 ზომის დისკებზე 265/30 და 305/25 საბურავებია გადაკრული.

Mercedes-Maybach-ი S-Class-სს S580 და S680 ვერსიებად ყიდის. Mansory ამ მოდელებს რა თქმა უნდა გააძლიერებს. მოდიფიცირება Performance PowerBox ECU-ის და ახალი გამშვებ სისტემას მოიცავს. S580-ის 4-ლიტრიანი ტურბინიანი V8 600 ცხენის ძალასა და 820 ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს სტანდარტულ მოდელთან შედარებით, თითქმის 100-ცხენისძალიანი მატებაა.




S680-ის 6-ლიტრიანი V12-ის სიმძლავრე კი Mansory-ის ჯადოქრობის წყალობით 720 ცხენის ძალასა და 1 000 ნმ-ს გამოიმუშავებს.

„ტუნერი“ კომპანია მსურველებს ავტომობილის საკუთარი გემოვნების მიხედვით მორგების ფართო არჩევანს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ეგზემპლარის სალონს თქვენ სურათებზე ხედავთ. თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი ფანტასტიკურად გამოიყურება. Mansory-ის თავისი ჯადოქრობების დატრიალება სალონშიც შეუძლია. თითოეული დეტალი უმაღლესი ხარისხის მასალითაა დამზადებული.

სამწუხაროდ, კომპანია მდიდრული კლასის Mansory-ის ფასებს არ ასაჯაროებს.

მსგავსი სიახლეები