Toyota, აშშ, ქურდობა, კატალიზატორი
Aa
Aa

აშშ-ში 11.6 მილიონი დოლარის მოპარული კატალიზატორები ამოიღეს

აშშ-ში, კერძოდ კი ჰიუსტონში, კატალიზატორის ქურდობის ფაქტები გახშირდა. გასული კვირების განმავლობაში ადგილობრივი პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, რამაც შედეგი გამოიღო. მხოლოდ ერთ სახლში პოლიციელებმა 400-ზე მეტ კატალიზატორს და 2 800 სენსორს მიაკვლიეს. ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად კრიმინალების ჯგუფიც დააკავეს.

ქურდები ავტომობილის ამ დეტალებს 7 სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე ინახავდნენ, შემდეგ კი ქვეყნის გარეთ გაჰქონდათ. ერთ-ერთ ასეთ საწყობში მოპარული Dodge Challenger Hellcat-საც გადააწყდნენ.



ქურდები საკმაოდ ორგანიზებულად მოქმედებდნენ. მათ სოციალურ ქსელებში ორკესტრირებას ცალკეული გუნდი უწევდა, რომლებიც მოჭრილ კატალიზატორებზე ფასებს ადგენდნენ. როგორც მოხსენებიდან ვიგებთ, მხოლოდ ერთ ქუჩაზე დაგროვებული ნაქურდლის ფასი 1 მილიონ დოლარს აღემატება. ჯამში კი მოსახლეობის ზარალი 12 მილიონამდეა. როგორც მოგეხსენებათ, კატალიზატორის შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითისთვის, Toyota Tundra-ს ეს დეტალი 1 800-3 000$ ღირს.

ქურდები Tundra-სთან ერთად ყველაზე ხშირად Honda Accord-ისა და Ford F-სერიის კატალიზატორებსაც იპარავენ. სიაში Toyota Prius-იც და Camry-ც გახლავთ. ეს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც საყურადღებოა, რადგან საქართველოში უმეტესწილად ამერიკული ავტომობილები შემოდის. ამ მოდელებიდან კი Camry და Prius-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ამ მოდელებს შტატებში შეიძენენ, არ უნდა გაუკვირდეთ, თუ საქართველოში ჩამოსვლისას მათ ავტომობილებს კატალიზატორი არ ექნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ავტომობილი ჰიუსტონშია შეძენილი.

მსგავსი სიახლეები