Honda-ს ძრავიანი BMW 2002 9 200-ბრუნიან სურპრიზს მალავს
1974 წლის BMW 2002-ის სახით ავტოსამყაროს პირველი ევროპული ტურბინიანი მანქანა იხილა. ავტომობილი მსუბუქიც გახლდათ და იმ დროისთვის საოცარი სამართავი იყო. თუმცა, თუ დღეს Turbo მოდელის შეძენას გადაწყვეტთ 100 000$-ზე მეტი უნდა გაამზადოთ. ეს იყო ავტომობილი, რომელსაც 100 კმ/სთ-ის განვითარება 7 წამში შეეძლო. 1970 წლებში კი ეს საოცარი შედეგი გახლდათ. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ მოდელი ტურბინის დაყოვნებით ხასიათდებოდა. სიმძლავრე კი 4-სიჩქარიანი კოლოფით ნაწილდებოდა.
სურათებზე თქვენ Honda-ს ძრავით აღჭურვილ Turbo-ს რეპლიკას ხედავთ, რომელსაც S2002-ის წარწერები აქვს. ეს ავტომობილი ბრიტანეში 1976 წელს შეიძინეს. თავდაპირველად ის მარჯვენასაჭიანი 1502 გახლდათ. ახლა კი შემხვედრი ჰაერის არხი, ბორბლის თაღების დამატებები და M-ის სამი ფერის გაფორმებები აქვს.
თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება კაპოტის ქვეშ იმალება. ძრავის განყოფილებაში 1502-ის 74-ცხენისძალიან 1.6-ლიტრიან ძრავას ვერ შეხვდებით. ის 2-ლიტრიანი F20C აგრეგატითაა ჩანაცვლებული, რომელიც Honda S2000-დან გადმოიტანეს. ეს ნიშნავს, რომ მძღოლის განკარგულებაში 9 200-ბრუნიანი და 240-ცხენისძალიანი მონსტრია, რომელიც სიმძლავრეს თვითბლოკირებადი დიფერენციალითა და 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ანაწილებს. ამ მონაცემებით ავტომობილი ორიგინალ Turbo-ზე უფრო სწრაფია. ეს უკანასკნელი 168 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
სალონში S2002 ძველ და ახალ დეტალებს აერთიანებს. ინტერიერში Recaro-ს სავარძლები და ციფრული მაჩვენებელთა დაფა დაგხვდებათ. საჭე OMP-ისაა და მისი მოხსნა ერთი ჩამკეტის გახსნით არის შესაძლებელი.
ეს ავტომობილი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი და მის სანაცვლოდ 40 000$-ს ითხოვენ. თუ სტანდარტული 02-ის ფასებს გავითვალისწინებთ, რაც 25 000-35 000$-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ Turbo-ს მიმსგავსებული მოდელი S2000-ის ძრავით საკმაოდ სარფიანად იყიდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ავტომობილი პურისტების ნამდვილი კოშმარია.